საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულთაგან ორმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო გამტარი პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, ტრაილერში დამალვის გზით, ხოლო ერთმა პირმა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი ქვეითად, უკანონოდ გადმოკვეთეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც ქვეყნიდან გააძევეს.