საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა
დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა, რაც თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დაუვიწყარი მომენტია. სკოლის ეზოები დღეს განსაკუთრებული სითბოთი, ღიმილითა და მონატრების სევდით აივსო. თეთრ პერანგებზე დატოვებული ხელმოწერები, ბავშვობის მეგობრების ჩახუტება, მასწავლებლების თბილი სიტყვები და თვალებში ჩამდგარი ცრემლები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სკოლა – ეს არის ადგილი, სადაც მოსწავლეებმა პირველად ისწავლეს მეგობრობა, ერთგულება, მიზნისთვის ბრძოლა და ოცნება. წლები, რომლებიც თითქოს უსასრულოდ გრძელდებოდა, დღეს მოგონებად იქცა.

– სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. ჩემო ძვირფასებო, დღეს თქვენთვის ერთი დიდი თავგადასავალი სრულდება, თუმცა წინ ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო ეტაპი გელოდებათ. სევდიანია, მშობლიურ სკოლასთან დამშვიდობება, მაგრამ არანაკლებ სასიხარულოა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა. ეს თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, თქვენი მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები და ახლობლები ამაყობენ თქვენით. მეც მათ შორის ვარ და ძალიან მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული, მართლაც გამორჩეული ახალგაზრდობა ჰყავს. სკოლა არის ადგილი, სადაც იქმნება ქვეყნის მომავალი. ცხოვრების გზაზე ყოველთვის გემახსოვრებათ მასწავლებლების დარიგება, პირველი მეგობრები, თანაკლასელებთან ერთად გატარებული წუთები – ეს პატარა სამყარო თქვენთვის ყოველთვის საუკეთესო მოგონებად დარჩება. მჯერა, სკოლაში მიღებულ განათლებას კიდევ უფრო დიდ გასაქანს მისცემთ ცხოვრების გზაზე. ჩვენი ვალია, შეგიქმნათ ისეთი გარემო, სადაც თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და თვითრეალიზებას შეძლებთ. გახსოვდეთ, ცოდნა ფასობს მაშინ, როდესაც ის ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება. დაისახეთ დიადი მიზნები, არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების! – ასე მიულოცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სკოლის დამთავრება მეთორმეტეკლასელებს.

დღეს აჭარის რეგიონში 4500-მდე დამამთავრებელი კლასელისთვის სიმბოლურად დაირეკა სკოლის ბოლო ზარი.
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ბათუმის №1 და №2 საჯარო სკოლების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა. ბოლო ზარის ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე და ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე ესწრებოდნენ.
– დღევანდელი დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია თითოეული თქვენგანისთვის. ცხოვრების ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, წინ გელოდებათ წარმატებების ახალი გზა. მჯერა, რომ იმ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც სკოლამ მოგცათ, ღირსეულად გამოიყენებთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, – აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა.

უკან დარჩა ცხოვრების ყველაზე ლაღი წლები, წინ ახალი გამოწვევები და მიზნებია. ათასობით ახალგაზრდა დაემშვიდობა ბავშვობის ყველაზე ნათელ წლებს და დიდი იმედით, სიყვარულითა და ოცნებებით ხვდება მომავალს.
– სკოლაში გატარებული ეს 12 წელი მართლაც ძალიან სასიამოვნო იყო, განსაკუთრებით ჩვენს, მე-3 საჯარო სკოლაში, სადაც ბავშვობიდან ყველა პედაგოგის დიდ სიყვარულს ვგრძნობდით. ყოველთვის ტკბილი და საუკეთესო მოგონებები მექნება, ცხადია, გვქონდა პრობლემები, მაგრამ მასწავლებლები ყოველთვის მხარში გვედგნენ, სწორ მიმართულებას გვაძლევდნენ, რათა უკეთეს პიროვნებებად ჩამოვყალიბებულიყავით. სამომავლოდ დიდი ამბიციები მაქვს, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით, თბილისის, ან ინგლისის უმაღლეს სასწავლებლებს ვუმიზნებ, შესაძლოა, ბათუმშიც დავრჩე, – გვითხრა №3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ნიკოლოზ ცეცხლაძემ.

– ბოლო ზარის მოახლოებასთან ერთად, უფრო ემოციურები ვხდებოდით. დღეს ბევრი ვიტირეთ, სკოლა რომც არ გიყვარდეს, ბავშვობის ეს პერიოდი მაინც განსაკუთრებულია. წინ ცხოვრების ახალი ეტაპია. თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას, ფიზიკის ფაკულტეტზე, – გვითხრა №3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარია ბერძენიშვილმა.

– სკოლის დასრულება ძალიან ემოციური ეტაპია – ერთდროულად სიხარულიცაა და მონატრების განცდაც. წინ სრულიად ახალი ცხოვრება მელოდება და ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. არჩევანი საზღვაო სფეროზე შევაჩერე, ყოველთვის მიზიდავდა ეს პროფესია და მინდა ჩემი მომავალი სწორედ მას დავუკავშირო. რა თქმა უნდა, ვღელავ, მაგრამ მაქვს იმედი და მოტივაცია, რომ საკუთარ მიზნებს მივაღწევ, – გვითხრა №15 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გიორგი გურგენიძემ.

– ბოლო ზარი – ეს არ არის მხოლოდ სკოლის დამთავრება, ეს არის ცხოვრების ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულება და ახალი გზის დაწყება. ამ წლების განმავლობაში სკოლამ მეგობრობა, პასუხისმგებლობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და ოცნებებისკენ სწრაფვა გვასწავლა. აქ გავიზარდეთ, შევიცვალეთ და შევქმნეთ მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩვენთან დარჩება. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მასწავლებლებს, თქვენი შრომა, მოთმინება და სიყვარული თითოეულ ჩვენგანში დარჩება. მადლობა მშობლებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგნენ და გვამხნევებდნენ. დღეს ცოტათი სევდიანებიც ვართ, რადგან გვიწევს იმ გარემოსთან დამშვიდობება, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი მეორე სახლი იყო, მაგრამ ამავე დროს სიხარულით და იმედით ვუყურებთ მომავალს. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანი სკოლიდან არა მხოლოდ ატესტატით, არამედ დიდი გამოცდილებით და ოცნებებით გადის. გვინდა, რომ ღირსეულად ვატაროთ ჩვენი სკოლის სახელი, მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი წლებისთვის, – გვითხრა ქობულეთის №1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ელენე ოთიაშვილმა.
მარიამ ხითარიშვილი