საქართველოში ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა
By

საქართველოში ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა

საქართველოში ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა, რომლის მიზანი მეწარმეთა მხარდაჭერის გაძლიერება და სახელმწიფო და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაა. ახალ ორგანიზაციას ირაკლი გაბრიაძე უხელმძღვანელებს.

კორპორაციის პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი სტრუქტურის შექმნა, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.

„დღეს ოფიციალურად წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რომლის შექმნითაც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, იზრდება კერძო სექტორის შესაძლებლობები და ამ პროცესს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება.

პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის შედეგებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სააგენტოს შექმნამ 2014 წელს ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვანი სტიმული მისცა.

„2014-2025 წლებში სამთავრობო პროგრამებით 20 000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა; განხორციელდა 8,5 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია და შეიქმნა დაახლოებით 90 000 სამუშაო ადგილი; მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 405 ათასიდან 544 ათასამდე გაიზარდა; პროდუქციის გამოშვებამ 14,8-დან 54 მილიარდს გადააჭარბა. საშუალო ზომის კომპანიებში შრომის ანაზღაურებამ 998-დან 2760 ლარამდე მოიმატა. ეს მაჩვენებელი მსხვილ კორპორაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების მაჩვენებელსაც აჭარბებს. მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის მოცულობა 1,3-დან 2,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მიღწეული შედეგების შესანარჩუნებლად, აუცილებელია გრძელვადიანი ხედვა, ბიზნესის გაძლიერება და სახელმწიფო მხარდაჭერის გაფართოება.

„ამ მიღწევების შესანარჩუნებლად უფრო ფართო და გრძელვადიანი ხედვა გვჭირდება. ბიზნესის გაძლიერებასთან ერთად, საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერის მასშტაბის გაფართოებაც. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა უწყებაში დაგროვილი ცოდნისა და ფინანსური რესურსების გაერთიანებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ცვლილება მხოლოდ სტრუქტურული გარდაქმნა არ არის. ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *