საქართველოში ილიაობა კვირეულით აღინიშნება
8 ნოემბერი ქართველი ერის ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია, ამ დღეს დაიბადა ილია ჭავჭავაძე, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართული ეროვნული ცნობიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარება. „ერის მამად“ წოდებული მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნული მოძრაობის წინამძღოლის დაბადების დღე საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ილიაობისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება, რომლის მიზანიც ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების კიდევ ერთხელ გახსენება, მისი ისტორიული ღვაწლის წარმოჩენა და მომავალი თაობებისთვის მისი იდეებისა და ფასეულობების გაზიარებაა.
ილიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, ყვარელში გამართულ საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ილია ჭავჭავაძის ისტორიულ როლსა და მრავალმხრივ საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ეპოქალური დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე.
„გილოცავთ ილიაობას, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს. ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე გამორჩეულია ისტორიული სიმბოლიზმითა და მნიშვნელობით. ჩვენ შევიკრიბეთ მის მშობელ კუთხეში, რათა კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი იმ გამორჩეულ მემკვიდრეობას, რომელმაც ქართველი ერის თვითშეგნება, სულიერი სიმტკიცე და მომავლის რწმენა განსაზღვრა.
ილია ჭავჭავაძეზე როდესაც ვსაუბრობთ, ბუნებრივია, პირველ რიგში, ვფიქრობთ იმ საწყისებზე, რაზეც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, კულტურა და ერის ერთობა დგას. ილიამ თითქმის შეუძლებელი შეძლო – ქვეყნისათვის ურთულეს, გარდამტეხ ეპოქაში გააერთიანა ყველაფერი, რაც მაშინდელ საქართველოს სჭირდებოდა – საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, ბანკის დამფუძნებელი, ქართული თეატრის აღმშენებელი და, რაც მთავარია, ერის წინამძღოლი. თანამედროვე საქართველოში არ მოიძებნება საზოგადოებრივი ცხოვრების არცერთი სფერო, რომელიც მის ნააზრევს არ ეყრდნობა. ასეთი მრავალმხრივი მოღვაწეობის მაგალითი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათობაა – ეს არის საყოველთაო მნიშვნელობის მოვლენა, როდესაც ერთი ადამიანის ცხოვრებამ ერის განვითარების გზა განსაზღვრა.
ილია ჭავჭავაძეს ეპოქალური დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, იგი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნული მოღვაწე და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი.
საბედნიეროდ, ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა, სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში და აღნიშნა, რომ წლევანდელ თარიღს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთვის ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე.
„წელს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ასეთ ღირსშესანიშნავ დროს, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ის უდიდესი ძალისხმევა, რაც ილია ჭავჭავაძემ გასწია დედაეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის. მრავალ სხვა დიდ საქმესთან ერთად, სწორედ ამ ღვაწლისთვისაც შერაცხა იგი წმინდანად ქართულმა ეკლესიამ.
ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის დროს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ილიაობას. მჯერა, ჩვენთვის და ყველა მომავალი თაობისათვის წმინდა ილია მართლის ცხოვრება მუდამ დარჩება მაგალითად, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს საკუთარი სამშობლო და არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ყოველდღიური შრომით იზრუნოს მის უკეთეს ხვალინდელ დღეზე“, – განაცხადა პრემიერმა.
ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება, ის ცოდნით, შრომით, პასუხისმგებლობითა და საკუთარი ქვეყნის მომავალზე ზრუნვით მტკიცდება. სწორედ ამ იდეებს უკავშირდება ილიას მემკვიდრეობა, რომლის მნიშვნელობასაც დრო ვერაფერს აკლებს და ახალი თაობისთვის ეროვნული თვითშეგნების, განათლებისა და საზოგადოებრივი ერთიანობის მნიშვნელოვან საფუძვლად რჩება.