საქართველოში 2030 წლამდე ოთხი ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება
მთავრობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მოწყობას გეგმავს. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონული დაგეგმვის პრინციპების დაცვით შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების მშენებლობისა და მოწყობისთვის საჭირო ღონისძიებები უნდა დაგეგმოს და განახორციელოს.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ოთხი რეგიონული ობიექტისა და მათთან დაკავშირებული ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების კომპლექსის მშენებლობისა და მოწყობისთვის აუცილებელ ღონისძიებებს უზრუნველყოფს.
განკარგულების თანახმად, ახალი რეგიონული ნაგავსაყრელები შემდეგ საპროექტო ზონებში მოეწყობა: კახეთი, შიდა ქართლი–მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი–რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.