საქართველო გაეროს განცხადებას შეუერთდა – ქვეყნები რუსეთის ქმედებებს გმობენ
გაეროს წევრმა ათეულობით ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ, უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ესკალაცია და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშები ერთობლივი განცხადებით დაგმო. დოკუმენტი გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ანდრეი მელნიკმა გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის „ახალ და საშინელ დონეს“ მიაღწია, განსაკუთრებით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გაძლიერებით.
„23-24 მაისის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული იერიში განახორციელეს. კიევისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი თავდასხმა იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ქვეყნები აცხადებენ, რომ სამოქალაქო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევაა და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
განცხადებაში ასევე არის მოწოდება ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტაზე, სამხედრო ტყვეების გაცვლასა და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებაზე.
ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით ბათილია.