საქართველო და სერბეთი სოფლის მეურნეობის სფეროში პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოსა და სერბეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები მინისტრთა შეხვედრაზე განიხილეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილი აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები მყარ საფუძველს ქმნის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. მისი თქმით, ურთიერთობების განვითარებაზე მიუთითებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებიც. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა სერბეთის გამოცდილების მნიშვნელობას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და გამოთქვა მზადყოფნა, მოხდეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის პოტენციალზე ხარისხის სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემების დანერგვის მიმართულებით. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის, მიწის მდგრადი მართვისა და ორგანული მეურნეობის განვითარებაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე.
სერბეთის სოფლის მეურნეობის, სატყეო და წყლის მართვის მინისტრმა დრაგან გლამოჩიჩმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა განსაკუთრებით გააქტიურდა გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტის სერბეთში ვიზიტის შემდეგ. მისივე თქმით, თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს უწყობს საერთო ინტერესები, მათ შორის, ღვინის კულტურა და ტრადიციები, რაც ორივე ქვეყანას აერთიანებს.