საქართველო და ჩინეთი ურთიერთობების ახალ ეტაპზე – პარტნიორობა კიდევ უფრო ღრმავდება
საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი განცხადებით, „2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება მნიშვნელოვან ეტაპად იქცა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. გაიხსნა მყარი პარტნიორობის ახალი თავი, რომელმაც შექმნა ორ ქვეყანას შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მრავალი გზა“.
მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის მრავალწლიანი ურთიერთობები თანასწორობას, ორმხრივ პატივისცემასა და საერთო ინტერესებს ეფუძნება, ხოლო სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მაღალ, ყოვლისმომცველ დონეზე აყვანა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ხვთისიაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო კვლავ ადასტურებს მყარ ვალდებულებასა და სრულ მზადყოფნას, განავითაროს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში“.
საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა: „სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი და საქართველო ერთმანეთისთვის ნდობით აღსავსე კეთილი მეგობრები და გულწრფელი პარტნიორები გახდნენ“.
ელჩის თქმით, ორივე ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს ერთმანეთის მიერ არჩეულ განვითარების გზას, სუვერენიტეტს, ეროვნულ უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე შეფასებით, „ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი და მომავლისკენ მიმართული სტრატეგიული არჩევანია“.
ჭოუ ციენმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაზეც. მისი ინფორმაციით, საქართველო ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა, ხოლო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 2,7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ასევე, გაიზარდა ტურისტული ნაკადები და საგანმანათლებლო თანამშრომლობა.
ჩინეთის ელჩის განცხადებით: „ახალი ამოსავალი წერტილიდან ჩვენ მზად ვართ, ქართულ მხარესთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა, გავაღრმაოთ მაღალი დონის ურთიერთობები პოლიტიკური ნდობის განსამტკიცებლად, გავაფართოოთ ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა და გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა“.
მხარეების შეფასებით, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლება თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ახალი პროექტების განხორციელებასა და ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.