საყოველთაო ნათლობა – სხალთის ეპარქიაში
წელს, დეკემბერში, სხალთის ეპარქიის დაფუძნებიდან 20 წელი სრულდება. დროის ამ მონაკვეთში ეპარქიის ისტორიაში მრავალი დასამახსოვრებელი დღე იყო, მათ შორის, 2013 წლის ივლისი, როცა პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხულოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში საყოველთაო ნათლობა ჩაატარა. მაშინ 1250-ზე მეტი ადამიანი ეზიარა მართლმადიდებლობას. ამა წლის 25 ოქტომბერს, ხიჭაურში გამართულ საყოველთაო ნათლობაზე, ამ სიას კიდევ 1300-ზე მეტი ადამიანი შეემატა. ნათლობას წინ უძღოდა ხიჭაურის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გამართული წირვა-ლოცვა, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონთან, ეპარქიების მღვდელმთავრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა მრევლს ქადაგებით მიმართა. შემდგე, შიო მესამემ სხალთელი მთავარეპისკოპოს სპირიდონის წარდგენით, ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა. მეუფე სპირიდონმა პატრიარქს ხატი უსახსოვრა.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის საათებში დაწყებული ნათლობის ღვთისმსახურება მზის ჩასვლამდე გაგრძელდა, პატრიარქის ნათლული 1300-ზე მეტი ადამიანი გახდა.
„მე უკვე მეორედ მარგუნა წელს პატივი ღმერთმა, რომ აჭარაში ჩამოვსულიყავი და წირვა აღმევლინა თქვენთან ერთად, დღეიდან კი, როცა ჩვენ მოვნათლავთ ამდენ ადამიანს, მე კიდევ სხვანაირი სიყვარული და მიჯაჭვულობა მექნება აჭარასთან, იმიტომ, რომ ნათლია ვხდები ამდენი ადამიანის. დიდად ვხარობთ, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დაიწყო აჭარელი ხალხის შემობრუნება ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ. მოგეხსენებათ, ამაში დიდი წვლილი, განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს აჭარა, ღმერთმა დალოცოს ყოველი თქვენგანი და დედაღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას.
შიო მესამის თქმით, ნათლობის საიდუმლოება არის საშუალება სულიერი აღორძინების, ბოროტებისგან გათავისუფლების, ეშმაკის ტყვეობისგან გათავისუფლების. „მაგრამ პირველყოვლისა, ნათლობის საიდუმლოება, ეს არის ეკლესიასთან შეერთება, ეს არის კარი ქრისტეს ეკლესიაში, რომლის გარეშეც სულის ცხონება შეუძლებელია. როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე: „ვინც არ იშვება სულისაგან და წყლისა, ვერ შევა სასუფეველში“. ნათლობის დროს ხილულად ადამიანი წყლით განიბანება, წყალში ჩადის, შედის, მაგრამ უხილავად იგი განიბანება, განიწმინდება სულიწმიდის მადლით და წყალში ჩასვლით ის თითქოს ქრება და კვდება ამა სოფლისთვის, შემდეგ უკვე ამოდის, კვლავ ცოცხლდება და აღდგება ახალი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის. ადამიანს ეპატიება ყველა ცოდვა მანამდე ჩადენილი. ეპატიება პირველქმნილი ცოდვაც. ურიგდება ღმერთს და თავისუფლდება ბოროტის, ეშმაკის ტყვეობისგან. ხდება ეკლესიის წევრი, განიწმინდება და სრულიად განახლდება.
დღეს მოინათლნენ ზრდასრული ადამიანებიც და მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი როდესაც ინათლება, აუცილებელია, რომ ჰქონდეს რწმენა, რადგან რწმენის გარეშე შესრულდება მხოლოდ გარეგნული მხარე ამ მსახურების, ხოლო სულიწმიდის ნიჭები ადამიანს არ მიეცემა და ის ვერ მიიღებს იმ მადლს, რაც ნათლისღებით დადგენილია უფლისგან. ასევე, აუცილებელია, ადამიანმა იცოდეს მთავარი დოგმატები ჩვენი ეკლესიისა, რაც არის გადმოცემული სარწმუნოების სიმბოლოში.
დღეს ჩვენს სიხარულს საზღვარი არ აქვს. მახსენდება წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები: „მტკიცედ იყვენით და შეურყეველ და მარადის ხმატყვეთ საქმისა უფლისასა“ – ე.ი. მუდამ მატულობდეს თქვენში ეს მისწრაფება ღვთისკენ, საქმეები უფლისა. დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ ქართველი ხალხი და ჩვენი საყვარელი აჭარლები საკუთრივ, განაგრძობენ ქრისტესკენ სვლას. მთელი ჩვენი ისტორიის გაკვეთილი ადასტურებს იმას, რომ თუ ჩვენ მტკიცედ ვიდგებით და შეურყევლად ჩვენი სარწმუნოების, ეროვნული ფასეულობების საფუძვლებზე, ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იქნება. დედა ღვთისმოშობელი ყოველეთვის დაგვიფარავს და ჩვენ დავძლევთ ყოველგვარ განსაცდელებს და საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება. მინდა, დავლოცო მთელი აჭარა და აქ მობრძანებული ადამიანები, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დედა ღვთისმშობლის მეოხობებით, ლოცვით გადაარჩინოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“ – განაცხადა პატრიარქმა ნათლობის დასრულების შემდეგ.
სხალთის ეპარქიაში საყოველთაო ნათლობას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლითურთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლითურთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები ანზორ ბოლქვაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ხულოს, შუახევის, ქედის თვითმმართველობის წარმომადგენლები.
მართლმადიდებლებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მიხეილ ყაველაშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, ზურაბ პატარაძემ. დალოცეს სრულიად საქართველო, მისი თითოეული მკვიდრი, ნათელღებულებს ქრისტიანობასთან ზიარება მიულოცეს. ისაუბრეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის მნიშვნელობაზე.
„განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს ზემოხსენებულებს, ამ მართლაც უნიკალური და განსაკუთრებული კუთხის შვილებს, მცხოვრებლებს და მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღე. ზეიმით აღსავსეა დღეს. ზემო აჭარა, სადაც ამდენი ადამიანი გახდა ნაწილი ჩვენი მართლმადიდებლური დედაეკლესიისს, სიმბოლურია, რომ სწორედ ზემო აჭარაა განსაკუთრებული მხარე და კარიბჭე ქრისტიანობისა.
სწორედ აქ იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა პირველად ქრისტიანული სარწმუნოებისა და სწორედ აქ მოხდა ზიარება ქართველი ხალხის მთავარი სარწმუნოებისა, ღირებულებებისა, რომელთაც დღემდე ასე ვუფრთხილდებით და ასე ვიცავთ. უდიდესი ბედნიერებაა დღეს აქ ყოფნა, ამ მართლაც უნიკალურ მხარეში. მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი ზემოაჭარლების წინაშე, იმიტომ, რომ ამ ხალხმა უდიდესი განსაცდელი გაიარა, მაგრამ შეინარჩუნა და არ დაკარგა თავისი იდენტობა და სამშობლოსადმი სიყვარული“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ზურაბ პატარაძემ მთიანი აჭარის მკვიდრთა სახელით მადლობა გადაუხადა უწმინდესსა და უნეტარესს, ქვეყნის პრეზიდენტს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირს, წმინდა სინოდის წევრებს, მღვდელმსახურებს გამოჩენილი გულისხმიერებისა და ყურადღებისთვის.
უწმინდესმა და უნეტარესმა ყველა ნათელღებულსა და დამსწრე მართლმადიდებლებს ჯვრები უსახსოვრა.
– მე და ხუნკუდელი (ქედის რაიონი) ედუარდ ბერიძე 3 შვილის მშობლები ვართ. ამიერიდან წინაპრების ძირძველ მრწამსთან დაბრუნებული ოჯახი მყავს. მიხარია, რომ ჩემი ნაბოლარა შვილის – ტიმოთეს ნათლია პატრიარქია, – გვითხრა ირინე აბუსელიძემ.
შარშან იქორწინეს შუახეველმა ონისე ებრალიძემ და ბათუმელმა მარიამ მარკოიძემ. ისინი ახლახან ელენას მშობლები გახდნენ. მათი შვილი ყველაზე უმცროსი ნათელღებულია.
– მამა სოფლის მეჩეთის იმამი იყო, ძმა შალვა და მე მშობლების სიცოცხლეშივე მართლმადიდებლობას ვეზიარეთ. სოფელში ჯვარი აღვმართეთ. მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით, ნათლისმცემლის გორზე არქეოლოგიური გათხრების შემდეგ, მერვე საუკუნეში აგებული ტაძრის ნანგრევები გავწმინდეთ და 30-მდე ადგილობრივი მოინათლა. წაბლანელები ამჯერადაც მოინათლნენ. უწმიდესსა და უნეტარესთან ერთად, მეც ვარ ანასტასია ჭურკვეიძის ნათლია, – გვითხრა წაბლანელმა ქეთევან ველიაძემ.
საღამოს, ახლად მონათლულები და მომლოცველები ტრაპეზზე მიიპატიჟეს. შუახევის, ხულოსა და ქედის კულტურის სახლებთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების წევრები საეკლესიო საგალობლებს ასრულებდნენ.
ოთარ ცინარიძე