საშემოდგომო სესიის გახსნა აჭარის უმაღლეს საბჭოში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა.
2026 წლის 1 სექტემბერს გამართულ მეჩვიდმეტე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულება – საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძემ წარადგინა.
სხდომა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. კანონმდებლებმა საკითხის კომიტეტებში განხილვის პროცედურების დაწყებას მხარი დაუჭირეს. წამყვან კომიტეტად საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა, ასევე განისაზღვრა განხილვის ვადები. ანგარიშს უმაღლეს საბჭოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე წარადგენს.

უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ყოველი კვარტალის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში ვალდებულია, საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს ანგარიში ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
სხდომის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ პოლიტიკური განცხადება გააკეთა.

– სესიის გახსნა ამ მოწვევაში კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც ოპოზიციამ, სამწუხაროდ, მიიღო გარე დავალებებით, მათ შორის, დეპუტატების მიმართ დაკომპლექსებით. დღითიდღე, რაც გადის დრო, უფრო ჩანს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით, გაყალბებასთან დაკავშირებით, არ იქნა მტკიცებულებები არცერთ დონეზე წარდგენილი და, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ისევ და ისევ, გარე ჩარევებით მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც არ არის სახელმწიფოებრივი, არ არის დემოკრატიული და, ამავდროულად, პრაგმატულიც არ არის ოპოზიციის გადასახედიდან.
ვხედავთ ქუჩის პროცესების მარგინალიზაციას, არ მოვერიდები ამ ტერმინს, მინიმალური ეფექტიც კი აღარ აქვს ქუჩის პროტესტს. სამწუხაროდ, ის მანდატები, რომელიც ამომრჩეველმა მიანიჭა ოპოზიციას, არ იქნა გამოყენებული. ეს პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არაჯანსაღ დამოკიდებულებას ოპოზიციაში, რაც გამოიჩინეს საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების დროს.
ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ თითოეულ წევრს გაუჩინეს გარკვეული ტიპის მორალური კომპლექსები, რომ არ გამოეყენებინა უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილება, რამაც საბოლოო ჯამში, დააზიანა, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიცია და ეს იყო თვითგანადგურების წინაშე გადადგმული ნაბიჯი.
შესაბამისად, ამომრჩეველი, საზოგადოება კარგად უნდა დააკვირდეს იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს წარმომადგენლობით საკანონმდებლო ორგანოებში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მათ მიერ გამოგონილი გაყალბებული ციფრებითაც კი ვერ ახერხებდნენ უმრავლესობის დაკომპლექტებას ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებმაც გადალახეს ბარიერი.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა სესიის გახსნის დროს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რამდენად უმეცარი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული, ანტიპრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციამ გარე დავალებით და ამ დავალების შესრულებას თან ახლდა მთელი რიგი პოლიტიკური კომპლექსები, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
კითხვაზე, სხვადასხვა პოლიტიკურ ფლანგზე მყოფი პოლიტიკოსები როდის დაიწყებენ იმ პრობლემებზე, გამოწვევებზე საუბარს, რაც რეალურად დგას საზოგადოების წინაშე და არ დაუთმობენ დროს ერთმანეთთან დაპირისპირებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გვიპასუხა:
– ეს პოლიტიკურ პროცესს, რა თქმა უნდა, ახლავს, მით უმეტეს, განსხვავებული აზრების დარბაზში და წარმომადგენლობით ორგანოებში. ოპონირება აუცილებლად უნდა იყოს.
რაც შეეხება საზოგადოების დაკვეთას – ეს გამოჩნდა საარჩევნო შედეგებში. უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, ქვეყნის, როგორც ტურისტული, ასევე, ეკონომიკური პოტენციალის ათვისება, გაძლიერება, ცხადია, დაკავშირებულია სტაბილურ და მშვიდ გარემოზე. ის პროცესები, საომარ მოქმედებებს ვგულისხმობ, თითქმის ყველა სამეზობლოში, ზეგავლენას ტურისტულ ნაწილზეც ახდენს, მაგრამ საქართველო ახერხებს ამ ძალიან ტურბულენტურ სიტუაციაში შეინარჩუნოს სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა მოახერხოს.
ამას, ცხადია, სჭირდება სტაბილური პოლიტიკური სისტემა და იგი მიიღწევა სწორედ იმ ნაბიჯებით, იმ გადაწყვეტილებებით, სტრატეგიით, რომელიც დღეს აქვს მმართველ გუნდს – „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, ეს არის ფაქტი. რომელიც გამოჩნდა. ეს შესაძლებელია, ვიღაცამ სუბიექტურად ჩათვალოს, მაგრამ სუბიექტურ ნაწილს რომ თავი დავანებოთ, ხედავთ, მიუხედავად უპრეცედენტო ზეწოლისა, ორკესტრირებული შეტევისა სხვადასხვა ძალის მხრიდან, რომლებიც ორმაგი სტანდარტით და შერჩევითი სამართლით გამოირჩევიან, ახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას და ეს არის სწორი პოლიტიკური გეზი, კურსი, ქვეყანის შეუქცევადი განვითარებისთვის.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დემოკრატიაში, ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საქართველოს, სადაც ყოველთვის იქნება ოპონირება და გარკვეული დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ეს დემოკრატიისთვის აუცილებელია, სხვა შემთხვევაში, ცხადია, ვერ განვითარდება ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება.
ეს არის ის ფორმულა, რომელიც კაცობრიობამ შექმნა და ამაზე უკეთესი, ჯერჯერობით, პოლიტიკურ სისტემებში არ გვაქვს, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
ნანა აბულაძე