სიძულვილის ენის მონიტორინგისთვის შსს-ში სპეციალური სამმართველო შეიქმნება
By

სიძულვილის ენის მონიტორინგისთვის შსს-ში სპეციალური სამმართველო შეიქმნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომლის მთავარი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, შექმნას გარემო, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება, ხოლო სიძულვილისა და შეურაცხყოფის წახალისება – მიუღებელი.
„რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წამოაყენა უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც დებატების სივრცის გახსნის აუცილებლობას უკავშირდებოდა. მან მაშინ მკაფიოდ აღნიშნა, რომ გარკვეული გარე აქტორების მხრიდან, წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად ხდებოდა საჯარო დისკუსიის სივრცის ხელოვნურად ჩაკეტვა, რათა საზოგადოებაში არ ყოფილიყო აზრთა მრავალფეროვნება, არგუმენტირებული დებატები და კონსტრუქციული პოლემიკა. ამის ნაცვლად, გარე ძალების მიერ წახალისებული იყო დაპირისპირება, შუღლი და პოლარიზაცია.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება, ამავდროულად კი მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგს, სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში მასალებს სასამართლოშიც გადააგზავნის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

  • No Comments
  • მაისი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *