,,სპორტი ყველასთვის შეიძლება გახდეს საკუთარი თავის აღმოჩენისა და განვითარების გზა“
სპორტში წარმატება მხოლოდ გამარჯვებებითა და მოპოვებული ტიტულებით არ იზომება, ამის მიღმა ყოველდღიური შრომა, დისციპლინა, სირთულეების გადალახვა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დგას.
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი 21 წლის ბათუმელი მოკრივე ნინო ჩიტაძეა, რომელიც საქართველოს სამგზის ჩემპიონია, ასევე, ასპარეზობდა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატში და კიდევ არაერთი ტურნირის გამარჯვებულია.
– როგორ დაიწყო თქვენი სპორტული გზა?
– კრივით 16 წლის ასაკში დავინტერესდი. სპორტის ეს სახეობა ავირჩიე, რადგან მასში მიზიდავს დისციპლინა, ენერგია, შემართება და ის ძლიერი ხასიათი, რომელსაც კრივი მოითხოვს. ჩემთვის კრივი მხოლოდ ფიზიკური მომზადება არაა, ის საკუთარ თავში რწმენას, სირთულეებთან გამკლავებასა და არასდროს დანებებას მასწავლის. სწორედ ეს მაძლევს ძალას, ყოველდღე ვიშრომო, განვვითარდე და ვიბრძოლო იმისთვის, რომ მივაღწიო დასახულ მიზანს.
– როგორ შეხვდნენ ოჯახი და ახლობლები თქვენს გადაწყვეტილებას?
– ოჯახის პირველი რეაქცია იყო ნერვიულობა და ცოტა შიშიც, განსაკუთრებით ტრავმების შესაძლებლობის გამო. ბუნებრივია, მშობლებს ყოველთვის სურთ შვილის დაცვა. კრივი მათთვის თავიდან აგრესიულ სპორტთან ასოცირდებოდა, მაგრამ როდესაც დაინახეს, რამდენად სერიოზულად ვიყავი განწყობილი, რამდენი შრომა ჩავდე და ეს საქმე რა ბედნიერს მხდიდა, მათი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა. დღეს ოჯახი და ახლობლები ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. ყოველი ბრძოლისას გვერდით მიდგანან და მათი მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა.
– ზოგადად, ქალი სპორტსმენების მიმართ ერთგვარი სტერეოტიპი არსებობს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტერეოტიპული დამოკიდებულება თქვენთვის დამატებითი მოტივაცია გამხდარა?
– ვფიქრობ, სტერეოტიპების მსხვრევა სწორედ იქ იწყება, სადაც ადამიანი წყვეტს სხვების შეხედულებებით ცხოვრებას და საკუთარ თავში დარწმუნებული ხდება. არ უნდა არსებობდეს საზღვრები მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ასე მიაჩნია სწორად. არც სქესი, არც საზოგადოებრივი აზრი და თუნდაც ავტორიტეტების წარმოდგენები არ უნდა განსაზღვრავდეს იმას, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია. ყველა ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი გზა აირჩიოს, იბრძოლოს თავისი მიზნებისთვის და დაამტკიცოს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, რომ შეუძლია იმაზე მეტიც, ვიდრე სხვებს წარმოუდგენიათ. სტერეოტიპების მსხვრევა სიტყვებით კი არა, საკუთარი ცხოვრებით, შრომითა და შედეგებით იწყება. არ არის აუცილებელი, ყველას დაუმტკიცო რამე, მთავარია, თავად არ შეზღუდო საკუთარი შესაძლებლობები სხვისი შეხედულებების გამო.
– საქართველოს ჩემპიონობა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა რამდენად დაგეხმარათ, რომ გარშემომყოფთა დამოკიდებულება შეცვლილიყო?
– შედეგები ყოველთვის იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. მათ ამ წარმატებებმა დაანახა ჩემი შრომის მასშტაბი და სერიოზულობა. ეჭვები და კითხვები ავტომატურად ქრება, როცა რინგზე შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ. ახლა მთელი ჩემი კონცენტრაცია ევროპის ჩემპიონატისკენაა მიმართული, მინდა, რომ ეს მხარდაჭერა და რწმენა კიდევ უფრო დიდ გამარჯვებად ვუქციო ჩემს გულშემატკივრებს.

– თქვენს კარიერაში ყველაზე რთული რომელი გამარჯვების მოპოვება იყო?
– საქართველოს მესამე ჩემპიონობა – დიდებში, რადგან სწორედ ამ გამარჯვებით წყდებოდა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება. ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ეტაპი ჩემს სპორტულ გზაზე, ამიტომ ამ მიზნისთვის ბოლომდე დავიხარჯე.
– რა დგას თითოეული გამარჯვების უკან, როგორია თქვენი ყოველდღიური სავარჯიშო რეჟიმი?
– გამარჯვება ჩემთვის დიდი შრომის, დისციპლინისა და მიზნისადმი ერთგულების შედეგია. ჩემი ყოველდღიური რეჟიმი მოიცავს ინტენსიურ ვარჯიშს, აღდგენასა და მენტალურ მომზადებას. მჯერა, საკუთარი თავის და ვიცი, რომ დიდი მიზნები ყოველდღიური შრომით, თავდადებითა და მუდმივი განვითარებით მიიღწევა.
– ყოფილა მომენტი, როდესაც სპორტისთვის თავის დანებებაზე გიფიქრიათ?
– დიახ, ყოფილა რთული მომენტები, როდესაც ემოციურად ძალიან მიჭირდა. სპორტში ფიზიკურ გამძლეობასთან ერთად მენტალური სიმტკიცეც მნიშვნელოვანია. დროთა განმავლობაში ვისწავლე, რომ რთული პერიოდები დროებითია და მათი გადალახვა საკუთარი თავის უკეთ გაცნობასა და გაძლიერებაში გეხმარება. ჩემთვის მთავარია, არასდროს დავკარგო საკუთარი თავის რწმენა და მიზნისკენ სვლა გავაგრძელო.

– სექტემბერში, დიდებში, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეთ. როგორ შეაფასებდით ამ გამოცდილებას?
– ამ ტურნირმა დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივი შრომა, საკუთარი თავის რწმენა და მენტალური სიმტკიცე. უფრო ძლიერი და მოტივირებული გავხდი, რადგან ვიცი, ეს გამოცდილება მომავალ დიდ ტურნირებზე უკეთესი შედეგების მიღწევაში, განვითარებაში დამეხმარება.
– რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ევროპის ჩემპიონატიდან დაგრჩათ?
– ევროპის ჩემპიონატი ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო სპორტული და პიროვნული განვითარების თვალსაზრისით. როგორც სპორტსმენმა, დავინახე, რომ მაღალი შედეგისთვის მხოლოდ ფიზიკური მომზადება საკმარისი არაა, აუცილებელია მენტალური სიმტკიცე და ფსიქოლოგიური მზადყოფნაც. გავიცანი ძლიერი სპორტსმენები, დავაკვირდი მათ გამოსვლებსა და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომეცა, რათა განვვითარდე და საკუთარ თავს ახალი მიზნები დავუსახო.
– ნოემბერში კვლავ მიდიხართ 22-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, როგორ ემზადებით ამ ეტაპისთვის?
– მზადების პროცესში ვარ, ყოველდღიურად ვვარჯიშობ, ვშრომობ, საკუთარ თავზე ვმუშაობ, რომ შეჯიბრებას მაქსიმალურად მომზადებული შევხვდე. ვიცი, რომ ევროპის ჩემპიონატზე ძლიერი კონკურენცია იქნება, თუმცა ჩემი მიზანი მკაფიოა – ოქროს მედლისთვის ბრძოლა. ეს მიზანი ძალიან მნიშვნელოვანია და მის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული. მჯერა, საკუთარი თავის, ჩემი შრომისა და იმ გზის, რომელსაც გავდივარ.

– რას გრძნობთ, როდესაც საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სახელით გამოდიხართ?
– საქართველოს სახელით ასპარეზობა ჩემთვის უდიდესი სიამაყე და პასუხისმგებლობაა. რინგზე გასვლისას ყოველთვის ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავ. ჩემი დიდი სურვილია, საქართველოს დროშა ავაფრიალო და ჩემს ხალხს გამარჯვებით სიხარული მივანიჭო. ეს გრძნობა უდიდეს ძალასა და მოტივაციას მაძლევს, რომ ბოლომდე ვიბრძოლო და ჩემი ქვეყნისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.
– რა არის ის მთავარი თვისება, რომლის გარეშეც, თქვენი აზრით, ჩემპიონობა შეუძლებელია?
– ჩემპიონობა იწყება იმ მომენტიდან, როცა ზუსტად იცი, რა გინდა და მზად ხარ, ამ მიზნისთვის ბოლომდე დაიხარჯო. უნდა შეგეძლოს ემოციების მართვა, სირთულეების გადალახვა და მიზანზე კონცენტრაციის შენარჩუნება მაშინაც, როცა გზა მარტივი არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, არასდროს დავკარგო ის ამბიცია, რომელიც წინსვლისკენ მიბიძგებს და ყოველთვის მჯეროდეს, რომ ჩემი შრომით სასურველი შედეგის მიღწევა შემიძლია. ვფიქრობ, ჩემპიონობა სწორედ მაშინ ხდება შესაძლებელი, როცა მიზანი შენთვის უბრალოდ ოცნება კი არა, ყოველდღიური ცხოვრების მთავარი მიმართულებაა.
– რა არის თქვენი სპორტთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ოცნება?
– ოლიმპიური ჩემპიონობა. ეს ჩემთვის მხოლოდ ტიტული არაა, ეს არის მიზანი, რომლისთვისაც მზად ვარ, ყოველდღიურად ვიშრომო, საკუთარ თავს მეტი მოვთხოვო და არასდროს დავკმაყოფილდე იმით, რაც უკვე შევძელი. ვიცი, რომ ამ გზაზე ბევრი სირთულე იქნება, მაგრამ სწორედ ამიტომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი დისციპლინა, მენტალური სიმტკიცე და საკუთარი თავის რწმენა. რამდენიმე წლის შემდეგ მინდა, საკუთარი თავი ვიხილო იმ დონეზე, რომლისკენაც დღეს მთელი მონდომებით მივდივარ, მინდა, ჩემი შრომა და მთელი ძალისხმევა იმ დიდ შედეგში აისახოს, რომელზეც ვოცნებობ.

– რას ეტყოდით გოგონებს, რომლებიც კრივით არიან დაინტერესებულნი, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავენ?
– საკუთარ თავს იმაზე ადრე ნუ ეტყვიან უარს, ვიდრე ცდას დაიწყებენ. ზოგჯერ ყველაზე რთული პირველი ნაბიჯია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარშემო ბევრი სტერეოტიპი და სხვისი აზრია. მაგრამ საკუთარი თავის რწმენა სწორედ მაშინ იწყება, როცა საკუთარ არჩევანს პატივს სცემ და გაძლიერების შესაძლებლობას აძლევ თავს. სპორტი ყველასთვის შეიძლება გახდეს საკუთარი თავის აღმოჩენისა და განვითარების გზა.
თამარ ლამპარაძე