„სტრიქონებს შორის ჩატეული სამყარო“
By

„სტრიქონებს შორის ჩატეული სამყარო“

მწერალი ვახტანგ გოგრაჭაძე ეროვნულ მწერლობასთან, კულტურასა და ხელოვნებასთან დაკავშირებული მრავალი ღონისძიების ინიციატორია. მან სათავე დაუდო მშობლიურ შუახევში პოეტების მოწვევას, რომლის დევიზია: „სტრიქონებს შორის ჩატეული სამყარო“. პირველად შუახეველების წინაშე აჭარაში მცხოვრები პოეტები წარსდგნენ, რომელთა შორის აწ გარდაცვლილი ცისანა ანთაძეც იყო. წელს ინიციატორმა არეალი გააფართოვა და თანაც არჩევანი მეტწილად ახალგაზრდა პოეტებზე გააკეთა. მთიანი აჭარა, შუახევი უცხო აღარაა თბილისელი აკაკი გაბრიჭიძისთვის (თელეთელი). იგი შარშან ფესტივალის „ლიტერატურა იალაღებზე“ მონაწილეც იყო, ესწრებოდა მთიანეთში გამართულ სახალხო დღესასწაულებსა და სხვა ღონისძიებებს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენა-ლიტერატურის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტია იმერეთის მკვიდრი ჟანა ბოგვერაძე, პროფესიით ექიმია გურიის მკვიდრი მაგდა ჩხარტიშვილი. მცხეთიდან არიან პოეტური კრებულების ავტორები: თენგო ხუციშვილი, ილია ელიზბარაშვილი, ნიკა ჭიკაიძე. მოწვეული 6 პოეტიდან 3 აჭარის მთიანეთში პირველად იყო.
შეხვედრა ღონისძიების ორგანიზატორმა ვახტანგ გოგრაჭაძემ გახსნა. მან დამსწრეთ 6 პოეტის შემოქმედებითი საქმიანობა გააცნო. მოწვეულმა და ადგილობრივმა პოეტებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს. პოეტებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ივანაძე, მერიის სამსახურის უფროსი, პოეტი ფრიდონ დავითაძე, პუბლიცისტი ოთარ ცინარიძე, შუახევისა და ახალდაბის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ლია ქამადაძე, მალვინა ზოიძე. მათ მადლობა გადაუხადეს მოწვეულ სტუმრებსა და შეხვედრის ორგანიზატორებს – ვახტანგ გოგრაჭაძესა და შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორ მაია დავითაძეს.

შეხვედრა მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლ „მარეთისა“ და ბენდ „117“-ის წევრებმა.

მცხეთელმა პოეტებმა მათ სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს. ვალში არც ორგანიზატორები დარჩნენ – 6 პოეტი სუვენირებით დაასაჩუქრეს.
– შუახევში გამართული საინტერესო შეხვედრა მუდამ მემახსოვრება. დარბაზში ქართულ ლექსს, ქართულ სიტყვას ეფერებოდნენ. ამიერიდან შევეცდები, წელიწადში ერთხელ მაინც მოვინახულო ეს კუთხე, გავეცნო მის ღირსშესანიშნაობებს, კეთილ ადამიანებს, განვამტკიცო ურთიერთობა ახლად შეძენილ მეგობრებთან, – გვითხრა ილია ელიზბარაშვილმა.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • მაისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *