სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს აცნობს
ტემპერატურის კლებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებელ ადგილებს ეძებს და ტყის მასივებიდან და ნარგავებიდან საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს. მავნებლის რიცხოვნობის შესამცირებლად, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში „კარდაკარის“ პრინციპით ადგილობრივებს საკარმიდამო ტერიტორიაზე მავნებელთან ბრძოლის მეთოდებს აცნობენ.
ერთ-ერთი მექანიკური მეთოდი ფაროსანასთვის მარტივი თავშესაფრების მოწყობაა. მუყაოს ან სხვა მასალისგან დამზადებული ყუთის ფორმის კონსტრუქციები სახლების მახლობლად, მშრალ და მზიან ადგილებში თავსდება. ასეთ თავშესაფრებში თავმოყრილი მავნებლების შეგროვება და განადგურება შესაძლებელია.
სააგენტოს ინფორმაციით, ეფექტურია „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდიც, რომელიც ინსექტიციდის გამოყენებას ითვალისწინებს. საცხოვრებლის პერიმეტრზე თავსდება ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი, მავნებლის მისაზიდად კი მასთან ნათურა ან ფერომონი მაგრდება. დამუშავებულ ზედაპირთან კონტაქტის შედეგად, ფაროსანა ნადგურდება.
სააგენტოს განმარტებით, ზამთრის პერიოდში მავნებლის განადგურება მომდევნო სეზონზე მისი რიცხოვნობისა და შესაბამისად, ეკონომიკური ზარალის შემცირებას უწყობს ხელს. უწყება მოსახლეობას მექანიკური მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდებს.