„ტავ ჯორჯია“ აეროპორტების ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ 150 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. „ტავ ჯორჯიის“ ცნობით, პროექტის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონამდე გაიზრდება.
„საინვესტიციო პროექტი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიური და ოპერაციული სისტემების მოდერნიზაციასა და მგზავრთა მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტი 2026-2028 წლებში განხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. ქვეყნის მთავარი აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა განპირობებულია ბოლო წლებში მგზავრთნაკადის დინამიკური ზრდით. 2025 წელს აეროპორტი რეკორდული რაოდენობის – 5,4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რის შედეგადაც არსებული საპროექტო გამტარუნარიანობა პრაქტიკულად, სრულად იქნა ათვისებული.
აეროპორტის გაფართოება წარმოადგენს აუცილებელ ნაბიჯს მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მომსახურების მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად და ქვეყნის საავიაციო სექტორის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად , “– აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისათვის „ტავ ჯორჯია“ არის ფრანგული Groupe ADP-ს წევრი TAV Airports-ის შვილობილი კომპანია, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და უკვე 20 წელზე მეტია, მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. „ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ საქართველოში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რომლის ჯამური მოცულობა 250 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და დღეს საქართველოს საავიაციო სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი საქართველოს ავიაციის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო დაკავშირებადობას, გაზრდის საქართველოს ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალს, ხელს შეუწყობს ახალი ავიაკომპანიებისა და ავიამიმართულებების შემოსვლას და შექმნის მყარ საფუძველს ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარებისთვის“, – აცხადებენ კოპანიაში.