ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიულ პაკეტს უჭერს მხარს – კანონპროექტი ახალი ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედებას ითვალისწინებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ორპარტიულ კანონპროექტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი სენატორი ლინდსი გრემი იყო.
ინფორმაციას „სიენენი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი მანამდეც აცხადებდნენ, რომ ადმინისტრაცია მზად იყო აღნიშნული სანქციების პაკეტისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა. მათი თქმით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა იმ ეტაპზე კვლავ გაურკვეველი იყო, დაუჭერდა თუ არა კანონპროექტს მხარს უშუალოდ დონალდ ტრამპი.
სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტუნის განცხადებით, თეთრი სახლი ლინდსი გრემთან ერთად კანონპროექტზე ინტენსიურად მუშაობდა.
ტუნის თქმით, სანქციების ეს პაკეტი სწორედ ის საკითხი იყო, რომელიც ლინდსი გრემს ყველაზე მეტად აწუხებდა და რომლის მიღებასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.
კანონპროექტი დონალდ ტრამპს დამატებით შესაძლებლობას მისცემს, ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ნავთობის, ურანისა და ბუნებრივი აირის მსხვილი შემსყიდველები არიან.