უკომპრომისო ორთაბრძოლები
ქართულ ჭიდაობაში აჭარის პირველობას ახალგაზრდებს შორის ქედამ უმასპინძლა. ორთაბრძოლებში, 2006-2008 წლებში დაბადებული შუახეველი, ქედელი, ბათუმელი და ქობულეთელი მოჭიდავეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც 5 წონით კატეგორიაში (60, 70, 80, 90, +90) გამოავლინეს საბრძოლო ხასიათი და გამარჯვებისკენ სწრაფვა.
წონითი კატეგორიების მიხედვით გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ: ალეკო სუხიტაშვილი (ბათუმი), ვაჟა მჟავანაძე (შუახევი), ლუკა ხალვაში (ქობულეთი), გიორგი ტაკიძე (შუახევი), ანრი აბაშიძე (ქობულეთი), მიშიკო ტაკიძე (შუახევი), ომარ აბაშიძე (ქობულეთი), ლაშა აბაშიძე (ქობულეთი), გიგა ირემაძე (ბათუმი), ბაჩანა ცინცაძე (ქედა), ნიკოლოზ აბაშიძე (შუახევი), გიორგი აბაშიძე (ბათუმი), რატი წულუკიძე (ქედა), არჩილ ჯაიანი (ბათუმი), გულადი დიასამიძე (შუახევი).
გამარჯვებული სპორტსმენები, როგორც აჭარის ახალგაზრდული ნაკრების წევრები, საქართველოს პირველობაზე იასპარეზებენ და რეგიონის ღირსებას დაიცავენ.
შეჯიბრება აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.
– შეჯიბრება გამოირჩეოდა მაღალი სპორტული დონით, დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრებით. თითოეულ წონით კატეგორიაში უკომპრომისო ორთაბრძოლები გაიმართა. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები შესაბამისი სინჯის მედლებით, თასებითა და სიგელებით დააჯილდოვა. ამასთან, პირველი ადგილის მფლობელებს ფედერაციისგან ფულადი ჯილდოებიც გადავეცით, ხოლო მეორე ადგილზე გასულ მოჭიდავეებს ფულადი ჯილდოები გადასცა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა ლევან პაქსაძემ, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატა ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა და მათი წარმატების წახალისება, – გვითხრა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ.
ცოტნე ცაბაძე