„უკრაინას ორი თვე აქვს, რათა დაასრულოს ომი“
უკრაინას ორი თვე აქვს, რათა დაასრულოს ომი და სამშვიდობო მოლაპარაკებები განაახლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთმა საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია მოახდინოს, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა The Telegraph-თან ინტერვიუში.
პაველმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, შესაძლოა, საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს 20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
„მჯერა, რომ ახლა არსებობს ფანჯარა, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. გავაგრძელოთ ზეწოლა და რუსეთს მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებების დასაწყებად“, – განუცხადა გადამდგარმა გენერალმა და ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა The Telegraph-ს.
პაველის თქმით, „რუსეთში საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში გაიმართება. პრეზიდენტი პუტინი არჩევნებამდე მობილიზაციას, სავარაუდოდ, არ გამოაცხადებს, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ ეს შესაძლებლობის ფანჯარა დავიწროვდება“.
ჩეხეთის პრეზიდენტის შეფასებით, მობილიზაცია, სავარაუდოდ, ამომრჩევლებში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს.
პაველმა აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა რუსეთზე არსებული ზეწოლა უნდა გამოიყენონ, რათა უახლოეს კვირებში სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს. „ამ ეტაპზე რუსეთს ბევრი შიდა პრობლემა და გამოწვევა აქვს“, – განაცხადა მან ნატოს სამიტზე.
„რუსეთის საზოგადოება სულ უფრო მეტად უპირისპირდება ომს. პრეზიდენტ პუტინს გაუჭირდება ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და თუ ეს ზეწოლა გაგრძელდება, თუ უკრაინა კვლავ შეძლებს და წარმატებით განახორციელებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე, ეს შექმნის პირობებს, როდესაც რუსეთი მოლაპარაკებებისკენ უფრო მეტად იქნება მიდრეკილი“, – დასძინა პაველმა.