უკრაინის უმაღლესმა რადამ ევროკავშირიდან 90 მილიარდი ევროს მისაღებად, სესხის ხელშეკრულებისა და მემორანდუმის შესახებ კანონი დაამტკიცა
უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით და მთლიანად დაამტკიცა კანონპროექტი სესხის ხელშეკრულებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ, რომლის საშუალებითაც უკრაინა ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
უკრაინული მედიის ცნობით, კანონპროექტს 298 დეპუტატმა მხარი დაუჭირა.
მემორანდუმი ეხება 8.35 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას, რომლის მისაღებადაც უკრაინამ გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს.
მემორანდუმს ხელი ბრიუსელში 20 მაისს მოეწერა, ხოლო სესხის ხელშეკრულებას – 27 მაისს.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის ბიუჯეტი მაკროფინანსური დახმარების პირველ ტრანშს, 3.2 მილიარდი ევროს ოდენობით, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში მიიღებს.
უკრაინული მედია წერს, რომ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხიდან საბიუჯეტო მხარდაჭერის ნაწილის მისაღებად, უკრაინამ მნიშვნელოვანი კანონპროექტები უნდა მიიღოს. ეს მოთხოვნები დაფუძნებული იქნება გეგმის ელემენტებზე, რომელიც არაფორმალურად ცნობილია როგორც „კაჩკა-კოსის 10 პუნქტი“. უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში რეფორმების გატარებაზე.