უნივერსიტეტებს მიღმა დარჩენილი 1800-მდე აბიტურიენტი ფაკულტეტის არჩევას ისევ შეძლებს
მიმდინარე წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერის გადალახვის მიუხედავად, ასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩაირიცხა. პრობლემას მხოლოდ გაზრდილი კონკურენცია ქმნის, უნივერსიტეტებში ადგილების შემცირება, საგრანტო პოლიტიკის ცვლილება, პროგრამების გაუქმება თუ განათლების სისტემაში არსებული სხვა გამოწვევები?
– რატომ შეიქმნა ამგვარი ვითარება ამ საკითხებზე „ამერიკული აკადემიის“ დამფუძნებელი, განათლების კონსულტანტი, მეცნიერებათა დოქტორი ნათია სირაბიძე გვესაუბრება.
– ქალბატონო ნათია, წელს 1800-მდე აბიტურიენტი ვერ ჩაირიცხა სასურველ უნივერსიტეტში ან პროგრამაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თქვენი აზრით, რა არის ამის მთავარი მიზეზი?
– მრავალთა შორის სამი ძირითადი მიზეზია, რომელთა გამოც 1800-მდე აბიტურიენტი უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩა: უპირველესია ის, რომ უნივერსიტეტებში პროგრამები შემცირდა, განსაკუთრებით დიდი ზიანი მიადგა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელსაც პროგრამები 10-ჯერ შეუმცირდა სხვა სასწავლებლებისგან განსხვავებით. მეორე – უმაღლესი განათლების პროგრამებზე ადგილები შემცირდა. ჯამში ბაკალავრიატის სხვადასხვა სპეციალობაზე მისაღები ადგილები 3000-ით შემცირდა. სამწუხაროდ, მაღალი კონკურენციის პირობები ბოლომდე ვერ გათვალეს აბიტურიენტებმა და სწორად ვერ აარჩიეს უნივერსიტეტები, სადაც მოხვედრის შანსი ექნებოდათ. მესამეც – რადგან დაფინანსების პოლიტიკა შეიცვალა და მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოხვედრა ნიშნავდა დაფინანსებით სწავლას, აბიტურიენტებმა უფასო სწავლაზე გააკეთეს გათვლა და მონიშნეს ის უნივერსიტეტები, სადაც მაღალი კონკურენცია იყო, მაგრამ ვერ მოახერხეს მოხვედრა; ან არჩევანი ისეთ პროგრამაზე გააკეთეს, რომელიც შემცირდა და ამანაც იმოქმედა. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, რამდენმა აბიტურიენტმა საერთოდ გადაიფიქრა უნივერსიტეტში ჩაბარება იმის გამო, რომ ცხოვრობს რეგიონში, მის ქალაქში სპეციალობები გაუქმდა – „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ ფარგლებში და ფიზიკურად სხვა ქალაქში სწავლის ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრ გივი მიქანაძის განცხადებით, ამ ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, მეორადად აირჩიონ ფაკულტეტები, თუმცა ჩვენ არ ვიცით, რამდენად შეძლებენ მათთვის სასურველ სპეციალობებზე სწავლას.
– სტატისტიკის მიხედვით, რამდენად განსხვავდება წლევანდელი ვითარება წინა წლებისგან?
– ოფიციალური წყაროებით, ზოგადი მონაცემები ასეთია: ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 2025 წელს უნივერსიტეტებში ჩაირიცხა 31 704 აბიტურიენტი და 29 481 აბიტურიენტი – 2026 წელს. ჩემი აზრით, წლევანდელი ცუდი შედეგები ფსიქოლოგიური ფაქტორის ბრალიცაა, სტრესი იზრდება, როდესაც არჩევანი არ გაქვს. ადრე თუ სტუდენტს შეეძლო 50-70-100%-იანი გრანტით ნებისმიერ უნივერსიტეტში ესწავლა, წელს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტი აძლევდა მათ ფინანსურად მისაღებ პირობებში სწავლის შესაძლებლობას. ეს დაემატა სხვა ფაქტორებსაც და მივიღეთ ცუდი შედეგი.
– რამდენად დიდი როლი ითამაშა წელს აბიტურიენტების რაოდენობის ზრდამ?
– წელს აბიტურიენტების რაოდენობა მართლაც მეტი იყო, ადგილები – ნაკლები. შარშან ბარიერი ვერ გადალახა 7296-მა აბიტურიენტმა და წელს ორჯერ მეტმა – 13 519-მა. ეს ციფრი ცალკე განსჯის საგანია, რატომ ვერ ამზადებს მოსწავლეებს სკოლა მთელი 12 წელი ისე, რომ მინიმალური ზღვრის გადალახვა ასე არ გაუჭირდეთ? ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ სკოლების უმრავლესობის მე-12 კლასებში გაკვეთილები არ ტარდება, არაფერს ასწავლიან. ის ბავშვი, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, რეპეტიტორი აიყვანოს მთელი წლის განმავლობაში და მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვე ემზადება, შესაბამის შედეგზე გადის. წელს დაემატა ისიც, რომ თურმე მე-12 კლასი არაა საჭირო. რა მნიშვნელობა აქვს მე-11-ში იქნებიან უსაქმურად თუ მე-12-ში? აკადემიური წლის რაოდენობა მცირდება და ხარისხი იგივე რჩება, რა აზრი აქვს ასეთ რეფორმას?
– თქვენი შეფასებით, უნივერსიტეტებში არსებული ადგილების რაოდენობა შეესაბამება თუ არა აბიტურიენტების რეალურ რაოდენობასა და მოთხოვნას?
– ბევრი საუბრობს იმაზე, რომ არ არის საჭირო, ყველას ჰქონდეს უმაღლესი განათლება. საქართველოს მსგავს ქვეყანაში უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებელში სწავლა ახალგაზრდას აძლევს საშუალებას, ერთგვარად თავი დააღწიოს უმოქმედობას, „ქუჩაში დგომას“. თუ სასწავლებელში – არა, სად წავიდეს ის ახალგაზრდა, ყველა არ არის ფიზიკურად ან უნარებით მზად მუშაობისთვის. დამსაქმებლებსაც ძალიან დიდი მოთხოვნები აქვთ ხოლმე ახალგაზრდების მიმართ. ეს ყველაფერი გამოწვეულია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით. შეამჩნევდით, რომ გაზრდილია კრიმინალი, 90-იანების მსგავი „შავი“ მიდგომები, საქმის გარჩევები. გულწრფელად გითხრათ, სულ არ ვფიქრობ, რომ თანამედროვე მსოფლიოში აუცილებელია უმაღლესი განათლება, ძალიან მარტივად შეიძლება საჭირო კურსების გავლა, პროფესიული უნარების შესწავლა და უფრო სწრაფად და უფრო სარფიანადაც დასაქმება. მაგრამ ვბრუნდებით ისევ სოციალურ პრობლემებთან, საზოგადოების მხრიდან განსჯის შიშთან, რაც ძალიან თრგუნავს ახალგაზრდას და აღარ სურს, სხვა, ეფექტურ გზებზე იფიქროს.
– „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ – ეს მიდგომა, განათლების რეფორმატორების თქმით – ევროპულია. . .
– ძალიან ცუდი რამ გაკეთდა ევროპაზე აპელირებით, რომ, მაგალითად, გერმანიაში ერთი ფაკულტეტია ერთ ქალაქში. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოშიც ამ რეფორმამ ცუდად იმუშავა. საბოლოოდ, 2-გვერდიანი განათლების რეფორმის კონცეფცია ცოტათი შეცვალეს და შედეგად, ისევ ცენტრალიზებულად, სამი ქალაქი გამოიყო – ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, სადაც მრავალფეროვანი ფაკულტეტები დარჩა, სხვა ქალაქებში მცხოვრები აბიტურიენტები კი არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ. მეორეც – უნივერსიტეტებს კვოტები სამინისტრომ გადაუწყვიტა, იმ „ბაზრის კვლევის“ არგუმენტით (რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა), რომ ამდენი იურისტი და სხვა სპეციალობის პროფესიონალი არ სჭირდება ქვეყანას. ესეც უსაფუძვლო გადაწყვეტილება იყო და ურჩი უნივერსიტეტების დასჯას ისახავდა მიზნად, რადგან შარშან თუ თბილისში 700-მდე სასწავლო ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიის პროგრამას, წელს მხოლოდ თსუ-ში დარჩა ეს ფაკულტეტი 150 ადგილით, მაშინ, როდესაც ფსიქოლოგების დიდი დეფიციტია ქვეყანაში. ასეთი არათანაბარი გადანაწილების გამოც მივიღეთ ის შედეგი, რაც გვაქვს.
– წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს შორის არჩევანის საკითხიც, რადგან უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო გრანტები გაუქმდა კერძო უნივერსიტეტებში. რამდენად იმოქმედა ამან აბიტურიენტების არჩევანზე? სახელმწიფო უნივერსიტეტებში კონკურენციის ზრდაზე?
– ბუნებრივია, საგრანტო პოლიტიკამაც იმოქმედა. 2026 წლიდან ეროვნული გამოცდების შედეგად კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულმა სტუდენტებმა სახელმწიფოსგან საგრანტო დაფინანსება (მაქსიმუმ 2250 ლარი) ვეღარ მიიღეს, ხოლო აქამდე აბიტურიენტს შეეძლო 50, 70 ან 100%-იანი გრანტით სასურველ, თუნდაც კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხულიყო. შედეგად, ბევრი აბიტურიენტი, ვისაც ადრე კერძო უნივერსიტეტი გრანტით მისაწვდომი ექნებოდა, ახლა იძულებული გახდა, სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მიბრუნებულიყო, რამაც კიდევ უფრო გაზარდა კონკურენცია სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე გამოიკვეთა ის, რომ ამ რეფორმით ყველაზე მეტად ისარგებლეს საშუალო დონის კერძო უნივერსიტეტებმა, სადაც მიღებაც და ფასიც ხელმისაწვდომია.
– თქვენ, როგორც განათლების კონსულტანტს, ალბათ ხშირად გიწევთ ასეთ აბიტურიენტებთან ურთიერთობა… როგორია მათი ემოციური მდგომარეობა, რა არის დღეს მათი მთავარი პრობლემა და რა ალტერნატიულ გზას შეიძლება მიმართონ?
– მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების მოპოვებაში ვეხმარები, საქართველოს უნივერსიტეტებზეც ხშირად მწერენ, მიყვებიან თავიანთ ამბებს და ძალიან განიცდიან შედეგებს. ხშირად ეუფლებათ იმედგაცრუება და გაურკვევლობა. წარმოიდგინეთ, მათ ჰქონდათ საკმარისი ცოდნა ზღვრის გადალახვისთვის, მაგრამ სისტემურმა ცვლილებებმა მოულოდნელად შეუცვალა თამაშის წესები. ჩვენ რაოდენობრივად ვითვლით აბიტურიენტებს და პროცენტები გამოგვყავს, რაც ძალიან უხერხულია, რადგან ამ ციფრების უკან 1800 ემოციური, იმედგაცრუებული ადამიანი და მათი ოჯახებია. ახალგაზრდებში ამ შედეგებმა იმედგაცრუების გარდა, საკუთარი ღირებულება, ძალისხმევის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა. განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ შედეგი განაპირობა არა მათი ცოდნის დეფიციტმა, არამედ სისტემურმა ცვლილებამ. მე კი ვუხსნი, რომ მთელი ცხოვრება წინ აქვთ და ყოველთვის არსებობს გამოსავალი, ვურჩევ უფასო კურსების აღებას, პროფესიის დაუფლებას, სტაჟიორად მუშაობის დაწყებას. ეს ყველაფერი რიგ პროფესიებთან მიმართებაში გაცილებით ეფექტიანი არის ხოლმე, ვიდრე აკადემიურად პროფესიის დაუფლება.
– რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ახალგაზრდებს სახელმწიფომ ან უნივერსიტეტებმა შესთავაზონ დამატებითი შესაძლებლობები, მაგალითად, სხვა პროგრამაზე გადასვლა, დამატებითი ადგილები ან სხვა ტიპის საგანმანათლებლო გზა?. . და როგორაა საქმე ამ მხრივ ევროპაში ან ამერიკაში?
– საქართველოში სისტემა ხშირად აღიქმება არა როგორც დამხმარე მექანიზმი, არამედ როგორც წმინდა ფორმალური, ულმობელი ბარიერი. ამის კონკრეტული მაგალითიც არსებობს წლევანდელი გამოცდებიდან. როგორც მახსოვს, მათემატიკის გამოცდაზე ხაშურიდან ჩამოსული აბიტურიენტი ერთი წუთით დაგვიანების გამო არ დაუშვეს. ეს კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება ერთმა ტექნიკურმა დაბრკოლებამ გადაწყვიტოს ახალგაზრდის მთელი აკადემიური მომავალი.
ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში სისტემურადაა აღიარებული, რომ პირველივე მცდელობისას სასურველ პროგრამაზე ვერჩარიცხვა ნორმალური, არაკატასტროფული ეტაპია საგანმანათლებლო გზაზე. მაგალითად, გერმანიაში მოქმედებს Ausbildung (დუალური პროფესიული განათლება), რომელიც თანაბარი პრესტიჟულობისაა, რადგან სწავლა ერწყმის რეალურ სამუშაო გამოცდილებას კონკრეტულ კომპანიაში, ხელფასის მიღებით სწავლის პარალელურად. ეს ხსნის ორ პრობლემას ერთდროულად: ახალგაზრდა არ განიცდის ფინანსურ ტვირთს და პროფესია პირდაპირ არის დაკავშირებული შრომის ბაზართან. საფრანგეთში, თუ აბიტურიენტი პირველივე ცდისას ვერ აღწევს მიზანს, სისტემა სთავაზობს მონათესავე ან ნაკლებად მოთხოვნად პროგრამებს, სადაც თავისუფალია ადგილები. უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის რამდენიმე ეტაპი არსებობს და დამატებითი ფაზა იხსნება პირველი მცდელობის წარუმატებლობის შემთხვევაში. ფაქტობრივად, იგივე გააკეთეს ახლა საქართველოში და მეორადი შანსი უწოდეს. ამერიკაში, დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ფართოდაა გავრცელებული პრაქტიკა, როცა ახალგაზრდა ერთ წელს უთმობს თვითგამორკვევას. ეს ერთი წელი სკოლის შემდეგ არ განიხილება „დაკარგულ წლად“, არამედ ლეგიტიმურ ეტაპად, რომლის განმავლობაშიც ხშირად სახელმწიფო ან საჯარო ინსტიტუტები სთავაზობენ სტრუქტურირებულ პროგრამებს (ხალხური სკოლები, სტაჟირებები, მოხალისეობა), რომ ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენონ და უკეთ მოემზადონ აკადემიური განათლებისთვის. ყველა ამ სისტემაში საერთო არის ერთი რამ: ალტერნატივა არ არის წარმოდგენილი როგორც მეორეხარისხოვანი გზა, არამედ როგორც სისტემის ორგანული, თანაბარუფლებიანი ნაწილი.
– თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს სისტემაში, რომ მომავალ წელს იგივე პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბურად არ განმეორდეს?
– პირველ რიგში, სკოლაში სწავლის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს! სახელმძღვანელოებზე ყდის შეცვლა და სასკოლო ფორმების შემოღება განათლების ხარისხის პრობლემას ვერ გადაჭრის. საშუალო განათლების ხანგრძლივობა სასურველია კვლავ 12 წელი გახდეს. ყველაზე ძლიერ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია და დიდი ბრიტანეთი, სწავლა 13-წლიანია, რადგან ახალგაზრდას ასაკობრივი სიმწიფე სჭირდება, რომ უმაღლეს განათლებას შეეჭიდოს. ასევე, უნდა მოხდეს ადგილების დაგეგმვა რეგისტრირებულთა რეალურ რაოდენობასთან შესაბამისობაში, საუნივერსიტეტო ბაზარი თავად დაარეგულირებს თუ ზედმეტი ჩარევა არ მოხდება. დამატებით, საჭიროა პროფესიული პროგრამების უფრო ეფექტური პოპულარიზაცია და ხარისხის გაძლიერება, რომ ისინი რეალურ ალტერნატივად აღიქმებოდეს და არა მხოლოდ „მეორეხარისხოვან“ გამოსავლად. აქვე უნდა ვთქვა, რომ ძალიან გაიზარდა უცხოეთში სწავლის მსურველთა რიცხვიც, ყოველდღიურად ჩემს გვერდზე 50-ზე მეტი შეტყობინება შემოდის და კონსულტაციებს ვინიშნავ, რომ რეალური შანსები შევუფასო და სწორად დავაგეგმინო. აქამდე უცხოეთის უნივერსიტეტებზე ვმუშაობდი და ახლა ძალიან მინდა, მომავალი წლისთვის შევქმნა ისეთი ალგორითმი, რომ სტუდენტს გაუადვილდეს საქართველოს უნივერსიტეტებში მოხვედრის შანსების სწორად შეფასება და შესაბამისი არჩევანის გაკეთება.
მარიამ ხითარიშვილი