უფასო გამოკვლევები – შუახევში
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ბათუმის საერთაშორისო კლინიკის მხარდაჭერით, 210-ზე მეტ პაციენტმა გაიარა გამოკვლევა შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრში.
სოციალური სამედიცინო აქცია დილის საათებში დაიწყო და საღამომდე გრძელდებოდა. როგორც აქციის ხელმძღვანელმა მალვინა გორგილაძემ გვითხრა, სამედიცინო აქციის მიზანი პროფილაქტიკური მედიცინის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურება იყო.
აქციის ფარგლებში, მოსახლეობას სხვადასხვა სპეციალიზაციის კვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების გუნდი უფასო სამედიცინო კვლევებს (ლაბორატორიულსა და ინსტრუმენტულს) და კონსულტაციებს სთავაზობდნენ.
სამედიცინო მომსახურება მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: კარდიოქირურგია, კარდიოლოგია-არითმოლოგია, ნევროლოგია, ანგიოქირურგია, ტრავმატოლოგია და რევმატოლოგია. ექიმებმა, კარდიოქირურგმა მახირ ბალაქციევმა, კარდიოლოგმა თეკლე თავართქილაძემ, ნევროლოგმა მიხეილ მჟავანაძემ, ორთოპედ ტრავმატოლოგმა რაულ პაქსაძემ, სისხლძარღვთა ქირურგმა არჩილ სიგუამ, რეაბიტოლოგმა მირზა ინასარიძემ, რევმატოლოგმა გულიკო ყიფიანმა პაციენტები გულდასმით გასინჯეს და მკურნალობის კურსი დაუნიშნეს.
აქციის მიმდინარეობას შუახევის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე, მოადგილე გიორგი კეკელიძე და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი პაატა ქათამაძე გაეცნენ.
ცოტნე ცაბაძე