ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ბათუმში ერთადერთი, 103 წლის, ომის ვეტერანი შეხვდება
By

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ბათუმში ერთადერთი, 103 წლის, ომის ვეტერანი შეხვდება

აჭარიდან მეორე მსოფლიო ომში 24 ათასამდე ადამიანი იბრძოდა. როგორც აჭარის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა გაერთიანება „ომგადახდილის“ გამგეობის თავმჯდომარე დავით ჯიჯავაძემ გვითხრა, აჭარაში მათგან მხოლოდ ერთი ადამიანია ცოცხალი – ქეთევან ლორია, რომელსაც 14 მაისს 103 წელი შეუსრულდება.

ადრე, როცა ჩვენს ქალაქში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდებოდა, ამ მნიშვნელოვან თარიღს ათობით ვეტერანი ზეიმობდა. ქალბატონ ქეთოს სხვებისგან მაშინაც უმალ გამოარჩევდით – მხიარულებით, სიცოცხლის ხალისით… მართალია, ახლა გარეთ აღარ სეირნობს, მაგრამ სახლში ისევ მხნედაა.

სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოშია დაბადებული, მაგრამ ომის დაწყების დროს ბათუმის სახელმწიფო ინსტიტუტის მეორე კურსზე სწავლობდა და ფრონტზეც, როგორც მოხალისე, აქედან გაიწვიეს.

ომის დამთავრებამდე არც ჩამოსულა, უკრაინის მეორე ფრონტის 24 -ე, განსაკუთრებულ ბატალიონში მეკავშირე-სერჟანტად იბრძოდა და როცა 1945 წლის მაისში მსოფლიომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე იზეიმა, სამშობლოში სწორედ მაშინ დაბრუნდა. მიღებული აქვს სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენი, ათი სხვადასხვა საბრძოლო მედალი და არაერთი წერილობითი მადლობა.

ომიდან დაბრუნების შემდეგ უმაღლესში სწავლა ისევ გააგრძელა, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ განაწილებით ხელვაჩაურის რაიონის №1 საშუალო სკოლაში დაიწყო მუშაობა (ახალანდელი – ბათუმის 25-ე საჯარო), სადაც ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

ამჟამად დამსახურებულ პენსიაზეა.

რასაკვირველია, წელსაც აღნიშნავს ჩვენი ქვეყანა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. სახელმწიფო ვეტერანებს, ტრადიციულად, სხვადასხვა ფულად ჯილდოს გადასცემს. მადლობა მათ სამშობლოსათვის გაწეული ფასდაუდებელი სამსახურისთვის!

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • მაისი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *