ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა
9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავი აღინიშნა აჭარის მთიანეთში
მეორე მსოფლიო ომში ქედის რაიონიდან 800-მდე ადამიანი იბრძოდა, რომელთა უმრავლესობამ სხვადასხვა ფრონტზე სამუდამო განსასვენებელი ჰპოვა.
93 წლის ასაკში წავიდა წუთისოფლიდან წონიარისელი ჯელილ ბერიძე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ფრონტს საკუთარი დანაზოგებით ტანკი შეუძინა. მის მიერ შეძენილი ტექნიკა წლებია სოფელ წონიარისის ცენტრში, კვარცხლბეკზე დგას. ქედელები, მათი სტუმრები ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ტანკ-მემორიალთან მიდიან და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს პატივს მიაგებენ. ასე იყო წელსაც.
საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელები, ხანდაზმულთა კლუბის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავის აღსანიშნავად დაბა ქედაში, წონიარისსა და ცხმორისში იმყოფებოდნენ. მათ ომის მონაწილეთა სტენდები და ტანკი-მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.
ღონისძიება ქედის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
* * *
ტექსილის (ჰოლანდია) ეპოპეის მონაწილე იყო შუახევის რაიონის სოფელ პაპოშვილების მკვიდრი შალვა (შერიფ) ფუტკარაძე. იგი ომიდან დაბრუნდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომში გაწვეული მრავალი ჭაბუკი ბრძოლის ველზე დაეცა. მათ უკვდავსაყოფად დაბა შუახევის ცენტრსა და სოფლებში მემორიალებია აღმართული, რომლებსაც ადგილობრივები ყოველი წლის 9 მაისს გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ.
დაბა შუახევში არსებული მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მირიან აბაშიძემ, გიორგი კეკელიძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, თენგიზ ივანაძემ, მალხაზ ტაკიძემ, ომის მონაწილეთა ახლობლებმა, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
* * *
ხულოელი მემედ აბულაძე იმ მებრძოლებს შორის იყო, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის საშინელება საკუთარ მხრებზე გადაიტანეს და მშობლიურ კერას დაუბრუნდნენ. საუბედუროდ, ომის მონაწილე ჭაბუკებიდან ორ მესამედზე მეტი ბრძოლის ველზე დაეცა. მათ ხსოვნას ახლობლები, მუნიციპალიტეტის ყოფილი და ახლანდელი ხელმძღვანელები, საზოგადოების წარმომადგენლები სათანადო პატივს მიაგებენ.
ბოლო წლებში ყურადღებას არ აკლებენ დაბა ხულოს ცენტრსა და სოფლებში დადგმულ ხსოვნის მემორიალებს. ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დაბა ხულოში არსებული შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მეორე მსოფლიო ომში ხულოს მუნიციპალიტეტიდან 750 ადამიანი მონაწილეობდა.
ოთარ ცინარიძე