ფაშინიანი: სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიული და ძმურია
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მესამე მხარეზე დამოკიდებული არ არის და მომავალშიც სტრატეგიულ და ძმურ ხასიათს შეინარჩუნებს.
სომხური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანმა განცხადება ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომ „ევროკავშირი ვერ შეძლებს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენის მოხდენას“.
ფაშინიანის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში.
„საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს თამაშობს სომხეთ-ევროპულ ურთიერთობებში და ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ არსებული სიტუაციით. მიგვაჩნია, რომ ეს მდგომარეობა უნდა დარეგულირდეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, სომხეთის პრემიერის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირში არ არის.
„სხვა სცენარი, უბრალოდ, არ შეიძლება არსებობდეს“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.