ფაშინიანმა გამარჯვება გამოაცხადა – სომხეთი საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავს
By

ფაშინიანმა გამარჯვება გამოაცხადა – სომხეთი საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოლიტიკური ძალის გამარჯვება გამოაცხადა და განაცხადა, რომ პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს.
ფაშინიანის თქმით, მიღებული შედეგი მოქალაქეთა ნდობის გამოხატულებაა და ხელისუფლებას კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.
სომხური მედიის ინფორმაციით, ახალ ეროვნულ ასამბლეაში ოთხი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი. მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: „სამოქალაქო კონტრაქტი“ – 61 ადგილი, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკი – 28, „სომხეთის“ ბლოკი – 11, ხოლო „აყვავებული სომხეთის პარტია“ – 5 ადგილი.
არჩევნების შემდგომ გაკეთებულ განცხადებებში ფაშინიანმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსთან ურთიერთობებსაც დაუთმო.
„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან, რთულიც კია ამ ურთიერთობების უფრო გაღრმავებაზე საუბარი. რა თქმა უნდა, საქმე ემოციებს ეხება. სომხეთსა და საქართველოს შორის ემოციები დიდი და სავსეა, მაგრამ არსებობს ბევრი ეკონომიკური და პოლიტიკური დღის წესრიგი. ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის გაძლიერება სომხეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ჩემი მოლოდინია, რომ სომხეთი გაიმარჯვებს. დემოკრატია ყოველთვის მუშაობს რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ. საბედნიეროდ, ჩვენ ახლა გვაქვს მშვიდობა აზერბაიჯანთან, ძალიან ღრმა და მრავალმხრივი ურთიერთობა – საქართველოსთან. ასევე, მაქვს მოლოდინი, რომ თურქეთთან შეთანხმება გვექნება და იქნება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, ნორმალიზება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში თურქეთთან საზღვრები და სარკინიგზო მიმოსვლა გაიხსნება. რა თქმა უნდა, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ – ეს დიდი პროექტი ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანას სარგებელს მოუტანს. შედეგად, ჩვენ აღარ გვექნება მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების სატრანსპორტო დერეფნები. ეს პროექტი ძალიან სასარგებლოა სომხეთისთვის, საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და ირანისთვის. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრს არჩევნებში მისი პარტიის წარმატება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც მიულოცა.
„გულწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას. მოუთმენლად ველოდები ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

 

  • No Comments
  • ივნისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *