ფესტივალი „გონიოს ჰანგები“ – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიის გაცოცხლება
გონიოს ციხის კედლებში ახალ მასშტაბურ, საერთაშორისო ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი, რომლის მიზანი საქართველოს ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიის გაცოცხლება, მისი პოპულარიზაცია და კულტურული დიალოგის ხელშეწყობაა.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს, პირადად მინისტრ ელისო ბოლქვაძის ინიციატივით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით შედგა. გაიმართა გრანდიოზული გალაკონცერტი, რომელშიც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი (მაესტრო – დავით მუქერია), კაპელა, ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“, ცნობილი ქართველი სოლისტები: ქეთევან ქემოკლიძე, გივი გურგენაშვილი (ჯორჯ გურენი), აჩიკო გოგიტიძე, მარიამ ბერიძე, ჭაბუკა სურმანიძე, თეა გელოვანი, ირაკლი კორიფაძე, დავით გველესიანი, ლელა სიხარულიძე, ოთარ ნაკაშიძე… მონაწილეობდნენ. შესრულდა ქართველი კომპოზიტორების რჩეული ნაწარმოებები, მათ შორის – რევაზ ლაღიძის, ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის, ჯანსუღ კახიძის, ოთარ თაქთაქიშვილის, ვაჟა აზარაშვილის, დიმიტრი არაყიშვილის.
საღამო ბერდია კუტუბიძეს მიჰყავდა.
ფესტივალს ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლე სოფიო ბაკურიძესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, დეპუტატები, მინისტრები, ოფიციალური პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

გალაკონცერტის დაწყებამდე, შეკრებილთ აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ მიმართა:
– დღეს განსაკუთრებული მოვლენა ერთად უნდა ვიზეიმოთ. აქ აჟღერდება ქართული მუსიკა, რომელიც გააცოცხლებს გონიოს ციხეს და მის ისტორიას. საფუძველი ეყრება ახალ საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც ისტორიით მდიდარ მიწაზე უნდა დამკვიდრდეს. გონიოს ციხემ საუკუნეებს გაუძლო. მის კედლებში დღემდე ისმის ისტორიის ექო, რომელმაც დრო და ეპოქები გამოიარა. აქ, სადაც წარსული აწმყოს ხვდება, დღეს აჟღერდება ჰანგები, რომელიც ისტორიად იქცევა – ქართული მუსიკა, რომელიც დროზე ძლიერია. დღეიდან საუკუნეების მეხსიერება მუსიკის ენით გააგრძელებს სიცოცხლეს. მადლიერება მინდა გამოვხატო ბატონ ზურაბ პატარაძის მიმართ, რომელმაც მთელი გულით დაუჭირა მხარი ახალი ფესტივალის დაბადებას. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ განსაკუთრებული დღის შექმნაში წვლილი შეიტანა. მჯერა, რომ ფესტივალი მალე დაიმკვიდრებს გამორჩეულ ადგილს მსოფლიო კულტურულ რუკაზე და სწორედ გონიო გახდება კულტურული დიალოგის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
– ულამაზესი დღეა, დღევანდელი საღამო თითოეული ჩვენგანისთვისაა გამორჩეული. გონიოდან მინდა მივესალმო დამსწრე საზოგადოებას, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დეპუტატებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სტუმრებს. დღეს ნამდვილად ულამაზეს ადგილას, ჩვენს საგანძურში, გონიოს ციხესიმაგრეში გრანდიოზული კონცერტი ტარდება. ეს ულამაზესი დღე და სინთეზი – წარსულის, დღევადელობის და ხვალინდელი დღის, კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის და მუსიკის ჰანგების ნამდვილი შერწყმაა. ვფიქრობ, რომ ფესტივალი არის ნამდვილად ის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი კულტურული ცხოვრების გაძლიერებას, კულტურული ტურიზმის, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, და, რა თქმა უნდა, წარმატებას. დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებში, ზუსტად აქ, ამ პლატფორმაზე, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ვიხილოთ მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი და როგორ ითვლის საუკუნეებს გონიოს ციხესიმაგრე და როგორც ძალიან დიდი ტრადიციების მატარებელი, უკვე ჰანგებით და ძალიან დიდი სიყვარულით შეხვდება დამსწრე საზოგადოებას, აქ ჩამობრძანებულ სტუმრებს და ეს იქცევა ტრადიციად, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
„გონიოს ჰანგების“ პირველ ნომრად სიმფონიურმა ორკესტრმა რევაზ ლაღიძის „საჭიდაო“ შეასრულა (მაესტრო – დავით მუქერია).

– ასეთი გრანდიოზული, მასშტაბური საღამო გონიოს ციხეზე პირველად ტარდება. ვფიქრობ, ჩვენი კუთხისთვის, ჩვენი ერისთვის ეს ფესტივალი გამორჩეული იქნება. პროგრამა მთლიანად ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებით იყო შედგენილი. დიდი მადლობა აჭარის კულტურის სამინისტროს, პირადად ქალბატონ ელისოს, სასიხარულოა, რომ ბატონი ზურაბ პატარაძე გვერდით დაგვიდგა. საზოგადოება მოვიდა. მსოფლიოში ყველა ადამიანისთვისაა ხელოვნება გასაგები და ფაქტი სახეზეა, ჩვენი მაყურებელი კმაყოფილია, კმაყოფილები ვართ ჩვენ, მონაწილეებიც. ეს ფესტივალის ძალიან კარგი დასაწყისია, – გვითხრა დავით მუქერიამ.
– ამდენ შესანიშნავ ადამიანთან ერთად შეუძლებელია, რომ საოცარი განწყობა არ გქონდეს, ამდენად ჩემი განწყობაც სრულიად განსაკუთრებულია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ვართ ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილას, შესანიშნავ მუსიკოსებთან ერთად. იმის პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ვინც დღეს ამ იდეის განხორციელებაში ვმონაწილეობთ, ვიყოთ პირველნი, – თქვა ქეთევან ქემოკლიძემ.
– ყველას მადლობა – იდეის ავტორს, მონაწილეებს. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ასეთ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი და მე მასში ვმონაწილეობდი. ჩემი აზრით, ფესტივალი გაამართლებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება. სივრცე ძალიან ლამაზია და ვფიქრობ, იდეა, რომელიც ჩამოყალიბდა, შედეგს გამოიღებს. ქართული სიმღერა მსოფლიოს დიდი ხანია ესმის და ეს ფესტივალი ამაში თავის წვლილს შეიტანს, – გვითხრა გივი გურგენაშვილმა.

– დღეს საფუძველი ძალიან კარგ კულტურულ ღონისძიებას ჩაეყარა. ფაქტია, რომ ფესტივალი შედგა, მსმენელი აღფრთოვანებულია. მასში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული და ეს სასიხარულოა, რადგან ის გახსნის ახალი კულტურული კონტაქტების შესაძლებლობებს როგორც ხელოვნების, ისე კულტურული ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს უმნიშვნელოვანესია. მადლობა ყველას, ვინც მასში რაიმე სახით მონაწილეობდა. კარგი დასაწყისი იმას ნიშნავს, რომ მას აუცილებლად საუკეთესო გაგრძელება ექნება, – თქვა ცოტნე ანანიძემ.
– ვულოცავ აჭარას, სრულიად საქართველოს – „გონიოს ჰანგები“ საოცარი, ულამაზესი ქართულ-ეროვნულ-პატრიოტული, სამშობლოს სიყვარულით სავსე საღამოა. ამაყი ვარ, რომ მის გახსნას ვესწრებოდი. მჯერა, ფესტივალი ყოველწლიურად გამდიდრდება, გაძლიერდება. მინდა ვისურვო, რომ ასეთი ფესტივალი მალე სოხუმში ჩაგვეტარებინოს და ეს გადაძახილი ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და გაბრწყინების ყოფილიყოს. მთელი საზოგადოება ზეიმობდა, ეს იყო დიდი ემოცია, რომელიც ქართული სულისკვეთებითა და სიყვარულით იყო გაჯერებული. მინდა ვთქვა, რომ აჭარა გამაერთიანებელი და შემადუღაბებელია სრულიად საქართველოსი, – გვითხრა აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

აღნიშნული ფესტივალით გონიო-აფსაროსის ციხეში ახალ კულტურულ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ მომდევნო წლებში „გონიოს ჰანგები“ ყოველწლიურ, რამდენიმედღიან ფესტივალად გადაიქცევა და ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში.
მანანა ძიძიშვილი