ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ გრძელდება
By

ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ გრძელდება

საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ განაგრძობს შესანიშნავი სპექტაკლების ჩვენებას. ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ „არტ პორტალია“, დირექტორი -მიხეილ გაბაიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი კი პეტრე ჩარგეიშვილი.

ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების თეატრალური დასები მაყურებლებს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულის თეატრის „მცირე სცენაზე“, ბათუმის ხელოვნების სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მასპინძლობს. ჩვენებები, ასევე, დაგეგმილია სკოლა „ევრო 2000“-ისა და სკოლა „ნიკეს“ სცენებზე.
„პირველ ავტოგრაფს“, როგორც ყოველთვის, კვალიფიციური ჟიური ჰყავს: მსახიობი დავით დვალიშვილი (ჟიურის თავმჯდომარე), რეჟისორი და მსახიობი კახა ბაკურაძე, მწერალი ბადრი თევზაძე, რომლებიც გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენენ. ფესტივალს ჰყავს „თანატოლი ჟიურიც“. ამ სტატუსით სკოლის მოსწავლე შეარჩევს გამარჯვებულს ნომინაციაში „საინტერესო პერსონაჟი“.

მაყურებელმა უკვე იხილა სპექტაკლები: „მარო მაყაშვილის დღიურიდან“ (ბათუმის №2 საჯარო სკოლა), „ტრაგედია უგმიროდ” (ბათუმის „კავკასიის ბიზნესის სკოლა“), „ნუ გეშინია დედა“ (ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურის №2 საჯარო სკოლა), „მარო“ (ბათუმის №15 საჯარო სკოლა) და „ქეთო და კოტე“ (ბათუმის №18 საჯარო სკოლა).
დღეს, 26 ნოემბერს, ფესტივალის ფარგლებში ჩანიშნულია სპექტაკლები: „მესიის მახვილი“ (ქობულეთის სოფელ ხალას საჯარო სკოლა), „ერთი წერილის ამბავი“ (ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლა) და „ბერიკები თამაშობენ“ (ბათუმის №14 საჯარო სკოლა).

ვინაიდან 22 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა, ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები, რომლებიც ამ დღეს გაუქმდა, 25 ნოემბერს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართა. ნაჩვენები იყო განვლილი ფესტივალების შესახებ ვიდეოკოლაჟი, მაყურებელს მიესალმა ფესტივალის დამფუძნებელი მიხეილ გაბაიძე. აღსანიშნავია, რომ ჯამში ფესტივალში სხვადასხვა სკოლის 2000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. როგორც გასულ წელს, სასკოლო თეატრალურ დასებს წარმოდგენილი აქვთ საკონკურსო და არასაკონკურსო სპექტაკლები. ოფიციალური ღონისძიების შემდეგ, მაყურებელმა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ლავ ის. . .“ იხილა, რომლის რეჟისორი სალომე ჯიჯავაძეა.

– გაოცებული ვარ ფესტივალის მასშტაბურობით. საოცარია, რომ ამდენი სკოლა იღებს მონაწილეობას და ასეთი ენთუზიაზმით. ვფიქრობ, ეს დიდი მონაპოვარია, პირველ რიგში, ბათუმისთვის და შემდეგ მთელი საქართველოსთვის. ეს ფესტივალი თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება, ჩვენ ძალიან კარგ მაყურებელს, კეთილ და პატრიოტ ადამიანებს მივიღებთ. რა სპექტაკლებიც ვიხილეთ, პატრიოტრიზმით და ქართული სულით იყო სავსე, ეს ძალიან იშვიათი და სასიხარულოა. გაოცებული ვარ ამ პატარა ბავშვების ერთგულებით საქმისადმი. ეს მათთვის ახალია, მაგრამ როგორ უყვართ, როგორი შემართებით არიან. . . როგორ უნდა გამოვარჩიო რომელიმე მათგანი? ცრემლებამდე მაწუხებს ეს ამბავი. . . გვითხრა ჟიურის თავმჯდომარემ, მსახიობმა დავით დვალიშვილმა.

ფესტივალის მედიამხარდამჭერებია: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზია და რადიო, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი, გაზეთი „აჭარა“ და რადიო „ფორტუნა“; პარტნიორები: ქართული თეატრის ეროვნული არქივი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი, ბათუმის ავტოტრანსპორტი, სახელოსნო „ამქარი“, საკონდიტრო მაღაზია „დონა“, საფურშეტო მომსახურება „ერკეთელი“, „თანდილას მარანი“, წყაროს წყალი „აჭარა“, „ბეტა პრინტი“, სასტუმრო „ლამპარი“ ბორჯომში, სპონსორები: მულტიფუნქციური სამედიცინო ცენტრი „ხოზრევანიძის კლინიკა“, რესტორანი „შეფპოინტი“, კონცეპტ შოურუმი „კორიდორი“, პრემიუმ კარების შოურუმი „გაბილდი“, „არჯი“ გრუპი, შპს გაზსტანდარტი და მაღაზია „კერიონი“.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *