ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის  ფესტივალი – ბათუმში
By

ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის  ფესტივალი – ბათუმში

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტმა გიორგი (გიგი)  გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის მეოცე  საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.
ფესტივალი ტრადიციულია. მისი დამაარსებელი და ინიციატორია   მუსიკისმცოდნე ხათუნა მანაგაძე, ორგანიზატორი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, მხარდამჭერები არიან ქალაქ ბათუმის მერია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. ღონისძიებას რამდენიმე წელია, ხელოვნების უნივერსიტეტის  მუსიკის ფაკულტეტი მასპინძლობს.

გიორგი (გიგი) გარაყანიძე  ცნობილი ქართველი ეთნოლოგი, ეთნომუსიკოლოგი, მკვლევარი, ანსამბლ „მთიებისა“ და ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია „ამერ-იმერის“ ხელმძღვანელი გახლდათ, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის განვითარებაში. ის 2012 წელს სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა.

აღნიშნული ფესტივალი 2005 წელს დაარსდა, 2012 წელს მას გიორგი გარაყანიძის სახელი მიენიჭა.

ფესტივალმა  სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები, მკვლევრები და ფოლკლორის მოყვარულები გააერთიანა. წელს მასში  აჭარის ანსამბლი „არსიანი“ (მომღერალთა გუნდი), „მთიები“, „ორბელი“, მარგალიტი“, ტრიო „დები ჩამგელიანები“ (ყველა საქართველო), ასევე, უცხოეთის ანსამბლები: „მასპინძელი“ (დიდი ბრიტანეთი), „უსახელო“ (პოლონეთი) და “SPIGENS“-ი (ლიეტუვა) მონაწილეობდნენ.

როგორც ფესტივალის გახსნაზე ხათუნა მანაგაძემ აღნიშნა, ღონისძიება ყოველწლიურად შემოდგომაზე იმართება და სამი დღის განმავლობაში  შემოქმედებით და სამეცნიერო მიმართულებებს აერთიანებს – კონცერტებსა და საერთაშორისო კონფერენციებს, რომელშიც ქართველი და უცხოელი მეცნიერები მონაწილეობენ.  ეს არის ადგილი, სადაც ქართველ და უცხოელ შემსრულებლებსა და მკვლევრებს  ერთმანეთთან  შეხვედრის, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ეძლევათ. ასევე, საფუძველი ეყრება ახალ თანამშრომლობასაც. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფერში საფუძვლიანადაა ჩართული ახალგაზრდობა.

წლევანდელ ფესტივალზე ერთი საღამო ეთნომუსიკის თეატრ „მთიების“ გამოსვლას დაეთმო,  რომელიც გიორგი (გიგი) გარაყანიძის ხსოვნას მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ „მთიები“ გიორგი გარაყანიძის დაარსებულია და დღესაც ნაყოფიერად მოღვაწეობს.

საინტერესო თემებით წარსდგნენ კონფერენციაზე როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები.  საფესტივალო დღის პირველი ნახევარი სწორედ  კონფერენციებს ეთმობოდა, საღამოს კი მონაწილენი ერთმანეთის შემოქმედებას ეცნობოდნენ.

ფესტივალის დახურვის დღეს მონაწილეებს სიტყვით  მიმართა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა  მამუკა ალაფიშვილმა. მან ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას ქართული მუსიკალური ტრადიციების პოპულარიზაციაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და საერთაშორისო შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავებაში. აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი მზადაა, მომავალშიც მხარი დაუჭიროს მსგავს ინიციატივებს.

ფესტივალის დასასრულ მონაწილეებს  სერტიფიკატები გადაეცათ.

– საქართველოში პირველად ვარ, კონფერენციაში მონაწილეობისთვის ჩამოვედი და მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები. შესანიშნავი გარემოა, საინტერესო მოხსენებები, – თქვა ანდრეა მორუამ.

– აქ ანსამბლ „მთიებთან“ ერთად ვიმყოფები. მიხარია, რომ ანსამბლი დღესაც  განაგრძობს მოღვაწეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი საღამო მთლიანად სწორედ „მთიებს“ დაეთმო და გარაყანიძეების ხსოვნას მიეძღვნა, – გვითხრა ფესტივალის მონაწილემ, გიორგი გარაყანიძის მეუღლე მაგდა კევლიშვილმა, რომელიც ყოველთვის  აქტიურად მონაწილეობს ედიშერ და გიორგი გარაყანიძეების ხსოვნისადმი მიძღვნილ სხვადასხვა საგანმანათლებო ღონისძიებაში.

მანანა ძიძიშვილი

 

 

 

 

 

 

 

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *