„ფონდ ქართუს“ განმარტება 2018 წელს ჩამოწერილ სესხებზე
„ფონდი ქართუ“ 2018 წელს ფიზიკური პირების პრობლემური სესხების ჩამოწერასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მოქალაქეებს ვალდებულებების სტატუსის გადამოწმებისკენ მოუწოდებს. ფონდის განცხადებით, ბოლო პერიოდში სოციალურ მედიაში გავრცელდა ყალბი ინფორმაციის შემცველი ცნობები, თითქოს იმ პერიოდის სესხებთან დაკავშირებით მოქალაქეებს კვლავ შეიძლება ჰქონდეთ ფინანსური ვალდებულებები.
ფონდის განმარტებით, 2018 წელს, „სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში, „ფონდმა ქართუმ“ ფიზიკური პირების 4 მილიარდ 104 მილიონ 429 ათას 484 ლარის მოცულობის პრობლემური ვალდებულებები გამოისყიდა. შედეგად, 615 164 ადამიანს 1 მილიონ 387 ათას 296 ლარის ოდენობის სესხი ეპატია.
პროგრამა საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუტს შეეხო. ფონდის შეფასებით, ასეთი მასშტაბის პრობლემური სესხების ჩამოწოლამ მოქალაქეების მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა და ქვეყნის ფინანსური გარემოს გაჯანსაღებას შეუწყო ხელი.
„ფონდმა ქართუმ“ ყველა ის სესხი შეიძინა, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. კერძოდ, საუბარი იყო სესხებზე, რომელთა ძირი 2 000 ლარს არ აღემატებოდა და რომელთა მიმართაც მოვალეებს – ფიზიკურ პირებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სესხის პროცენტი არ ჰქონდათ გადახდილი.
ფონდი ასევე, განმარტავს, რომ სესხები მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებისგან გამოისყიდა, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს.
„აქვე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ სესხები გამოსყიდულია მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებისგან, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.
მოქალაქეებს, ვისაც ეს პროგრამა შეეხო, მათი სტატუსის გადამოწმება და შესაბამისი ცნობების აღება შეუძლიათ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოდან.
ასევე, მოქალაქის წერილობითი მომართვის შემთხვევაში, „ფონდი ქართუ“ გასცემს შესაბამის ინფორმაციას (ცნობას) კონკრეტული სესხის თაობაზე.
ფონდი „ქართუ“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს ვალდებულებები გამოისყიდა მხოლოდ მათი პატიების მიზნით და გამორიცხულია ფონდის მიერ სესხებზე რაიმე სახის მოთხოვნა.
ამრიგად, თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ხსენებული პერიოდის სესხის დაფარვა, ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში.
ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდებთ, არ აყვეს არაკეთილსინდისიერ პირთა მიერ ატეხილ აჟიოტაჟს და გადაამოწმოს თავისი ვალდებულებების სტატუსი შესაბამის სტრუქტურებში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.