ფრიდონ ფუტკარაძე: აქტიურად ჩავერთვებით მთა ჩირუხის საკურორტო ზონად განვითარების საქმეში
ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, შუბნის თემის მოსახლეობამ ნდობა მესამედ გამოუცხადა. იგი აქტიურადაა ჩართული იმ საკანონმდებლო საქმიანობაში, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული პროექტების განხორციელებაში, რომლებიც შუბნელი და შუახეველი ამომრჩევლის კეთილ დღეობას ემსახურება. ფრიდონ ფუტკარაძე ჩვენი სტუმარია.
– პირველ რიგში, მადლობა თქვენს გაზეთს, რომ, 2016 წლიდან, აქტიურად აშუქებთ ჩემს საქმიანობას. ამომრჩევლის მიერ ნდობის მესამედ გამოცხადებაც ჩემი თავდაუზოგავი, 8-წლიანი შრომის შედეგია. დიდ და საპასუხისმგებლო საქმეებს შეჭიდებული, მარტო ვერაფერს გავხდებოდი, რომ არა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ომარ ტაკიძის, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძის, პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ანზორ ბოლქვაძისა და ფრიდონ ფუტკარაძის, დიდი სამეგობრო და სანათესაო წრის თანადგომა და მხარდაჭერა. ერთად ვზრუნავდით სოფლების ცენტრების კეთილმოწყობაზე. თემის ოთხივე სოფელში ასფალტ-ბეტონის-საფარიანი გზები შევიდა, შუბანში აღვადგინეთ წინა ხელისუფლის მიერ გაუქმებული სასოფლო ბიბლიოთეკა, შინაარსობრივი დატვირთვა შეიძინა ახლად წამოწყებულმა სახალხო დღესასწაულმა „კუტიჯვარობამ“. ჩვენი თემის მკვიდრები იყვნენ ცნობილი ქართველოლოგი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე და ავღანეთში მშვიდობიანი მისიის შესრულებისას დაღუპული თენგიზ ფუტკარაძე. შუბნისა და ტომაშეთის საჯარო სკოლები უკვე მათი სახელობისაა. ტარიელ ფუტკარაძის უკვდავსაყოფად, ლებისაკარაში მისი სახელობის სკვერი გაიხსნა. წლებია, საფუტკრეთში, ტარიელის მშობლიურ ეზოში, საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ ფარგლებში შემოქმედებითი ღონისძიებები იმართება. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციისა და ფონდ „შუბანის“ ერთობლივი ძალით, თემში ქართული ჭიდაობის სექცია გაიხსნა. დადებითი შედეგებიც სახეზეა – სპორტის ამ სახეობაში ჩემპიონები გვყავს. რიჩარდ ფუტკარაძე წელს გამართული „მარეთობის“ ფალავანი გახდა.
– წინა მოწვევის საკრებულოში რამდენიმე საკითხი თქვენ მიერ იყო ინიცირებული. რა პრაქტიკული შედეგები მოჰყვა?
– შუახევის ტერიტორიაზე მცხოვრები ომის ვეტერანები და მათი შვილები იმ შეღავათებით სარგებლობენ, რომელთა ინიციატორი ვიყავი. საკრებულოს წევრებთან – გიორგი კეკელიძესა და მელანო ებრალიძესთან ერთად, საკრებულოს სხდომას წარვუდგინე პროექტი, რომელიც ფულადი ჯილდოს გაცემას ითვალისწინებდა იმ პედაგოგებზე, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის 50 წელი შეუსრულდათ. აღმასრულებელი სტრუქტურის ხელმძღვანელობამ, ამ საკითხის პასუხად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გაცემა დაიწყო.
– თემის ოთხივე სოფელი ტერიტორიულად დაკავშირებულია მთა ჩირუხთან, რომელიც მალე ქვეყნის ტურისტულ რუკაზე საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს. კანონმდებლების მხრიდან რა მხარდაჭერა აქვს ამ საკითხს?
– ჩვენი მხრიდან, არცერთ პროექტს, რომელიც საკრებულოს სხდომაზე განსახილველადაა წარმოდგენილი, შეფერხება არ ჰქონია. საკრებულოს 24 წევრიდან 19 მმართველი პარტიის ფრაქციაში ვართ. გუნდური პრინციპით მუშაობა დადებით შედეგს გვაძლევს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პროექტების რეალიზებისას. როცა ორზოლიანი „ზიპლაინის“ მშენებლობის იდეა წამოვიდა, ყველა საკანონმდებლო დოკუმენტი დროულად მომზადდა. წარმომადგენლობითი ორგანო ყოველთვის აქტიურად ჩაერთვება მთა ჩირუხის საკურორტო ზონად განვითარების საქმეში. ჩირუხში მარტო კოტეჯების მშენებლობით არ უნდა შემოვიფარგლოთ – უცხოელ და ქვეყნის სხვა კუთხეებიდან ჩამოსულ ვიზიტიორებს ადგილზე წარმოებული და მოყვანილი სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის პროდუქტებით უნდა გავუმასპინძლდეთ.
– ამ ეტაპზე რა პროექტები იგეგმება?
– დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მთა ჩირუხამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქციასა და ასფალტის საფარის დაგებას. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხებით განმტკიცდება საჯარო სკოლების მატერიალური ბაზა, გაგრძელდება სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა. შუახევის მუნიციპალიტეტის მერია იმ სოციალურ პროგრამებს ახორციელებს, რომლებიც მოსახლეობისა და მათი ოჯახების კეთილდღეობაზეა გათვლილი. ჩემი მიზანია, ჩავერთო მათ რეალიზაციაში მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით..
– სტიქია მთის სოფლების მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. . .
– ეს შეუქცევადი პროცესია. უკვე ისეთი ტერიტორიები იმეწყრება, რომლებსაც არ ველოდით. მივესალმები იმ დროულ და პროფესიონალურ დამოკიდებულებას სტიქიით დაზარალებული ოჯახების მიმართ, რასაც აჭარის გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები იჩენენ. ჩვენ მათი რეკომენდაციების საფუძველზე ვმოქმედებთ.
– რა დამოკიდებულება გაქვთ ისტორიული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ?
– უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტიორი ყოველთვის ჩვენი წარსულით ინტერესდება. ჩვენი ვალია, თაობებს შემოვუნახოთ წარსული დიდების ნაშთები. დრო აღარ ითმენს, რეკონსტრუქცია-კონსერვაციას საჭიროებს გოგლაურას (მთისუბნის) ციხე. აჭარა-შავშეთის ქედის ერთ განშტოებაზეა კილდიჯვრის გამოქვაბულები. სოფელ ტომაშეთზე გავლით გამოქვაბულებამდე საავტომობილო გზის გაყვანა მრავალ ტურისტს მოიზიდავს. ეს ყველაფერი დროულად უნდა გაკეთდეს.
– ტომაშეთის მკვიდრი, რას გვეტყვით სოფელში არსებული მინერალური წყლის დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე?
– წინა საუკუნის 90-იან წლებში, როცა ტომაშეთის მინერალური წყალი ბოთლებში ჩამოასხეს, ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებელი ჰყავდა. გარკვეული მიზეზების გამო, ჩამოსასხმელი საამქრო დაიხურა. ჩვენი თემის მკვიდრმა, საქვეყნოდ ცნობილმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა ალიოშა ბაკურიძემ ტომაშეთისა და კიდევ 10-მდე მინერალური წყლების შემცველობა გამოიკვლია. ისინი, მეტწილად, კუჭნაწლავის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებების დროს გამოიყენება. ამ ბუნებრივი სიმდიდრეების ათვისება ახლო მომავალში იგეგმება.
– ტყის რესურსებს არამართლზომიერად მოიხმარდნენ მარეთის ხეობაში. გაიჩეხა, გაიზიდა და ჩალის ფასად გაიყიდა უფლისგან ბოძებული სიმდიდრე. ამ ეტაპზე რა კეთდება ტყის რესურსების მიზნობრივად გამოყენებისთვის?
– გეთანხმებით, რომ 90-იან წლებსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში, ჩვენი ტყეები ყველაზე მეტად დაზარალდა. ტყის რესურსებს ორი მტერი ჰყავდა – ადამიანი და დაავადება. საუბედუროდ, დაავადებულის გაჩეხვისა და გამოტანის ნაცვლად საღი ნაძვი და სოჭი გაიჩეხა. ბოლო წლებში კანონის გამკაცრება ხე-ტყის მიზნობრივად გამოყენებაზეც აისახა, თუმცა გასაკეთებელი ისევ ბევრია.
– თქვენი ოჯახის შესახებაც გვიამბეთ.
– მამა, ვლადიმერი, პროფესიით პედაგოგი იყო, სპეციალობით გეოგრაფმა რამდენიმე სკოლაში იმუშავა. სამსახურსა და ოჯახში მაქსიმალურად ვცდილობ მამას მივბაძო. ორი შვილის მშობლები ვართ. მათი კეთილი მომავლისთვის ვზრუნავთ. ჯერჯერობით, იმედს გვიმართლებენ, ორივე წარჩინებული მოსწავლე იყო და ახლა ექიმის პროფესიას ეუფლებიან. ოჯახი უმთავრესია, ეს პატარა სახელმწიფოა. წელს პირველად ოჯახური სიწმინდის დღე მისი ინიციატორის გარეშე აღინიშნა. მჯერა, რომ ახლად არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ღირსეულად გააგრძელებს წინამორბედის მიერ დაწყებულ ეროვნულ საქმეებს.
ოთარ ცინარიძე