ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი – ბათუმში
აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის (ABWA) ორგანიზებით, სასტუმრო „შერატონში“ 2026 წლის ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი „გაყიდვების ახალი ერა: სტრატეგიები, ტექნოლოგიები და შესაძლებლობები“ გაიმართა. ღონისძიებამ 280-ზე მეტი მეწარმე, ბიზნესლიდერი, გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტი, დარგის ექსპერტი და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენელი გააერთიანა.
ფორუმის მთავარი თემა ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია, მომხმარებლის ქცევის ცვლილება, ელექტრონული კომერციისა და სოციალური მედიის შესაძლებლობები, ასევე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და გაყიდვების პროცესების ავტომატიზაცია იყო. მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე ბიზნესგარემოზე მორგებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ ახალი ბაზრების ათვისებასა და გაყიდვების არხების გაფართოებაში დაეხმარება.
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. დამსწრე აუდიტორიამ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), სოფლის განვითარების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებისგან. კერძო სექტორის მომხსენებლებმა კი ყურადღება ბიზნესის დაფინანსებასა და გაყიდვების თანამედროვე ციფრულ სერვისებზე გაამახვილეს.

როგორც აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე გურანდა გოგიტიძემ გაზეთ „აჭარასთან“ საუბარში აღნიშნა, დამსწრეთა მაღალმა აქტივობამ კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონში მსგავსი საქმიანი შეხვედრების აუცილებლობა: „მიზნად გვქონდა, ფორუმი მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სივრცედ არ დარჩენილიყო და იგი რეალური ბიზნესშედეგების, ახალი პარტნიორობებისა და განვითარების შესაძლებლობების პლატფორმა გამხდარიყო. 280-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიზნესსაზოგადოებას სჭირდება ასეთი შეხვედრები, რომ იდეები რეალურ შესაძლებლობებად აქციონ, ახალი პარტნიორები შეიძინონ“.
ფორუმის ფარგლებში მოეწყო სპეციალური სივრცე „Business Connections“ (ბიზნესკავშირები ), სადაც ბიზნესგამოფენისა და პირისპირ (B2B/B4B) შეხვედრების მეშვეობით, მეწარმეებმა პოტენციურ პარტნიორებთან და მომწოდებლებთან პირდაპირი საქმიანი კავშირები დაამყარეს. დღის მეორე ნახევარი პრაქტიკულ სამუშაო სესიებს დაეთმო, სადაც ბიზნესკონსულტანტმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბიზნესის განვითარების მუდმივ მოტივაციაზე ისაუბრა.

გურანდა გოგიტიძის შეფასებით, სწორედ ქსელური თანამშრომლობა და ტექნოლოგიური ადაპტაციაა დღეს ქალ მეწარმეთა გაძლიერების მთავარი წინაპირობა: „დღევანდელი ბიზნესგარემო მოითხოვს ადაპტაციას, ინოვაციას, ტექნოლოგიების ეფექტიან გამოყენებასა და ბაზარზე კონკურენტული პოზიციონირების მუდმივ განვითარებას. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალ მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა ცოდნაზე, ბიზნესრესურსებზე, პარტნიორულ ქსელებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ბიზნესის ზრდასა და მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. ვფიქრობ, ფორუმმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძლიერი ბიზნესქსელი და საერთო ხედვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისთვის.“
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის გაფართოების ცერემონიაც, ორგანიზაციას ოფიციალურად 30 ახალი წევრი შეუერთდა.
ფორუმის დასკვნით ნაწილში სამეწარმეო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მიღწევებისთვის, სხვადასხვა ნომინაციაში 10 წარმატებული ქალი მეწარმე დაჯილდოვდა.
„როგორც ასოციაციის თავმჯდომარე, განსაკუთრებით ვამაყობ ჩვენი წევრების ერთიანობით, თითოეული მონაწილითა და პარტნიორით, რომლებმაც ამ ფორუმის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ჩვენი მიზანია, ქალ მეწარმეებს არა მხოლოდ ხმა მივცეთ, არამედ შევქმნათ გარემო, სადაც მათი ბიზნესი იზრდება, ვითარდება და ახალ შესაძლებლობებს ქმნის“, – აღნიშნა გურანდა გოგიტიძემ.
დადუ გაბაიძე
გალერეა


