„ქართველი კომპოზიტორები – ბავშვებს“
By

„ქართველი კომპოზიტორები – ბავშვებს“

ასე ეწოდებოდა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გამართულ საღამოს, სადაც ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი საბავშვო სტუდიის წევრები წარდგნენ.

მრავალპროფილური ხელოვნების სტუდია „ლიმპოპო“ (ხელმძღვანელი ლეილა ალექსანდროვა, დამფუძნებელი – თამაზ ნიკოლაიშვილი), რომელიც ბავშვებს სამხატვრო, მუსიკალურ და შემეცნებით-გასართობ მომსახურებას სთავაზობს, აგერ უკვე ოცდაათ წელზე მეტია ჩვენს ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს. განათლებისა და აღზრდის სფეროში შეტანილი სტუდიის წვლილი არაერთხელ საჯაროდაც აღიარეს.

ბავშვები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, თავიანთ შესაძლებლობებს ავლენენ. ისინი აქ სიმღერას, ცეკვას, ტანვარჯიშს, ხატვას, ინგლისურს, რუსულს… ეუფლებიან.

„ლიმპოპო“ აქტიურად მონაწილეობს ქალაქის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში, საბავშვო და საახალწლო კონცერტებში.

რაც შეეხება იმდღევანდელ კონცერტს, ეს იყო შესანიშნავი ქართველი

კომპოზიტორების: ვაჟა აზარაშვილის, ვაჟა დურგლიშვილის, რუსუდან სებისკვერაძის, ინოლა გურგულიას, ჯანსუღ კახიძის, მერი დავითაშვილის, ეკა კვალიაშვილის, სხვათა, კიდევ ერთხელ წარმოჩენა.

ლამაზ სამოსში გამოწყობილმა პატარებმა მთელი გულით და მონდომებით შეასრულეს ის სიმღერები, რომლებიც ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორებმა მათ მიუძღვნეს. საღამოზე ისეთი სიმღერები გაჟღერდა, რომლებიც ბავშვებს (და უფროსებსაც) მათი მელოდიურობის გამო, ძალიან მოსწონთ და რომლებსაც დავიწყება არ უწერია. ესენია: „ყაყაჩოსა სიწითლითა“, „შენ თუ გვერდით მეგულები“, „აღორძინდი საქართველო“, „ძველი ჰანგი“, „დო რე მი ფა სოლ ლა სი“, „ყველაზე ლამაზო“, „მაჩხუბარა გიო“, სიმღერა კინოფილმიდან „საზამთრო“ და ბევრი სხვა. ვფიქრობთ, ძალიან კარგია, რომ უფროსებმა ასეთი თემა შემოგვთავაზეს – ბავშვებმა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შესახებ მეტი გაიგეს.

„ლიმპოპოელებს“ამ სტუდიის ყოფილი წევრი, მომღერალი თამთა ხუხუნაიშვილი მოეფერა, რომელსაც უკვე კარგად იცნობენ არა მხოლოდ ჩვენს ქალაქში. მან მადლობა გადაუხადა მშობლიურ სტუდიას და აღნიშნა, რომ ის თუ დღეს მომღერალია, ეს „ლიმპოპოს“ დიდი დამსახურებაა, მადლობა გადაუხადა იმ პედაგოგებს, ვისი თანადგომითაც ბევრს მიაღწია. თამთამ  სიმღერა „თოლია“ შეასრულა.

საღამო პოეტ ბელა ქებურიას მიჰყავდა, რომელიც „ლიმპოპოს“ წარმატებებზეც გვიყვებოდა.

ბევრს გადაუხადეს მადლობა იმ საღამოს, განსაკუთრებით, პედაგოგებს, რომლებიც პატარების განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებენ, მადლობა გადუხადეს ბათუმის მერიას, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრს – მხარდაჭერისთვის.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • მაისი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *