ქართველი მომღერლების წარმატება – მაკედონიაში
By

ქართველი მომღერლების წარმატება – მაკედონიაში

ახალგაზრდა მომღერლები მაკედონიაში გამართული საერთაშორისო ვოკალური კონკურსიდან – „მუზიკლენდი 2026“ მნიშვნელოვანი წარმატებით დაბრუნდნენ. კონკურსში ევროპის 22 ქვეყნის 80-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ქართველმა მონაწილებმა ორი გრან პრი, ერთი პირველი ადგილი და ორი ლაურეატის წოდება მოიპოვეს. ფინალისტები გალა კონცერტზე ბიტოლას სახელმწიფო კამერული ორკესტრის თანხლებით გამოვიდნენ. კონკურსი ტრადიციულია და უკვე 26 წელია ტარდება.

რაც შეეხება საპრიზო ადგილებს: ანასტასია თხელიძემ პირველი ადგილი დაიკავა, ხატია აბაშიძემ 16-დან 19 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გრან პრი მოიპოვა, ირინა გეგიძემ, ასევე, გრან პრი უფროსთა კატეგორიაში, ანასტასია თხელიძემ პატარებში პირველი ადგილი, ანანო ხონელია და ლიზა ჯაფარიძე ლაურეატები გახდნენ. საქართველოს დელეგაციას კომპოზიტორი და მუსიკოსი, საერთაშორისო ჟიურის წევრი გიული კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა. გალა კონცერტზე სტუმრად ბსუ-ის ბენდი (კახა ცინცაძის ხელმძღვანელობით) იმყოფებოდა, რომელმაც (კონკურსგარეშე) გამარჯვებულთა დაჯილდოებამდე ქართული სიმღერა შეასრულა.

– ბათუმის უნივერსიტეტის ხელშეწყობით, საერთაშორისო კონკურსზე „მუზიკლენდი 2026“ აღმოვჩნდი და უფლის ნებით, გრან პრის მფლობელი გავხდი, ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი ნაბიჯი იმ მუსიკალურ სამყაროში, რომელშიც მოღვაწეობას ვაპირებ. გალა კონცერტზეც გამოვედი, სადაც მაკედონიის კამერულ ორკესტრთან ერთად ვიმღერე, რაც ასევე დასამახსოვრებელია, – თქვა ხატია აბაშიძემ.

– ჩემი პირველი გამოსვლა იყო საერთაშორისო ფესტივალზე. კმაყოფილიც ვარ და ამაყიც, რადგან იქიდან ლაურეატის წოდება წამოვიღე და ჩემი ქვეყანა ვასახელე, – აღნიშნა ანანო ხონელიამ.

– ეს არის ევროპის საუკეთესო სამეულში შემავალი ვოკალური კონკურსი, რომლის დირექტორი და ხელმძღვანელი ტონი ალექსოვსკი გახლავთ. იქ სწორედ მისი პირადი მიწვევით ვიყავით. ჩვენ შარშანაც ვიმყოფებოდით ამ ფესტივალზე, მე – როგორც საერთაშორისო ჟიურის წევრი საქართველოს წარმომადგენელი. წელს ხუთი მომღერალი წავიყვანე და რაც ძალიან სასიხარულოა, ხუთივე დაჯილდოვდა. ავიღეთ ორი გრან პრი, პირველი ადგილი და დამსახურებული ლაურეატობა. წამოვედით არა მხოლოდ გამარჯვებულები, არამედ გახარებულებიც, რადგან არაერთი მიწვევა მივიღეთ, მათ შორის პოლონეთიდან, ლიეტუვადან, ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, მალტადან, იტალიიდან… როცა ქართველები გალა კონცერტზე გამოდიოდნენ, სცენის თავზე ქართული დროშა ფრიალებდა, წარმატებას ყველა გვილოცავდა, ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები ვიყავით, ყველა აღიარებდა, რომ ჩვენ საუკეთესო მომღერლები ჩავიყვანეთ, – გვითხრა გიული კუბლაშვილმა.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • სექტემბერი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *