ქართულმა სოფელმა სახე და სახელი რომ შეინარჩუნოს…
By

ქართულმა სოფელმა სახე და სახელი რომ შეინარჩუნოს…

შუახევის მუნიციპალიტეტში ბუთურაული ერთ-ერთი გამორჩეული დასახლებაა. გვესაუბრება სოფლის ხელმძღვანელი რეზო დიასამიძე

– ბუთურაული იმ დასახლებების ჩამონათვალშია, რომლებსაც მდიდარი ისტორიული წარსული აქვთ. ამის დასტურია საჩინო ადგილზე არსებული ჯვარდასმული საფლავი და მეშვიდე-მერვე საუკუნეებში აგებული ეკლესიის ნაშთები. ყველა დროსა და ეპოქაში ბუთურაულს წარმატებული ადამიანები არ მოჰკლებია. აქ დაბადებული და დავაჟკაცებული მურთაზ მელაძე სალიბაურის მეურნეობის პირველი დირექტორი იყო. აჭარის მთიანეთის „მოლა ნასრედინად“ მონათლეს სევფო მიქელაძე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირია იაგო მიქელაძე. საუკუნის წინ სოფელში ქართული სკოლა აღადგინეს, რომელსაც წლებია ბულბული მგელაძე ხელმძღვანელობს. მის სახელს უკავშირდება სკოლის ახალი შენობის აგება, მოსწავლეთა ნორმალური კონტინგენტის შენარჩუნება, სკოლისთვის აგვისტოს ომის გმირის სახელის მიკუთვნება, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მერცხალის“ ჩამოყალიბება.

– ანსამბლის ისტორია დიდ დროს არ ითვლის, მაგრამ პირველი წარმატებები სახეზეა. . .

– გეთანხმებით, სოფელი დირექტორთან ერთად ემადლიერება ქორეოგრაფებს ჯამბულ დავითაძეს, მურმან ბერიძეს. ეს უკანასკნელი, მძიმე ავტოავარიის შემდეგ, საქმეს დროებით ჩამოსცილდა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდება და ახალი დადგმებით გაგვახარებს. დირექტორი და ქორეოგრაფები მარტო ვერაფერს გახდებოდნენ, რომ არ ჰქონდეთ მშობლების, შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის დირექტორ ნინო ბერიძის, მუნიციპალიტეტის პირველი პირების ომარ ტაკიძისა და იაგო დავითაძის მხარდაჭერა. ანსამბლის წევრები დაარსების დღიდან რაიონული და რესპუბლიკური ღონისძიებების, სახალხო დღესასწაულების მონაწილეები არიან. „მერცხალი“ პირველივე მცდელობაზე აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პრიზიორი გახდა – მესამე ადგილი დაიკავა. ჯილდო გამარჯვებულებს ბათუმში გადასცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ. მიხარია, რომ ამ ანსამბლის წევრები ჩემი შვილებიც არიან. სამ შვილს ვზრდით, მათგან უფროსი უკვე სტუდენტია.

– სკოლამდელი დაწესებულების საქმიანობაზე რას გვეტყვით?

– სოფელში სკოლამდელი დაწესებულება რამდენიმე წლის წინ გაიხსნა. როგორც სკოლაში, ისე ბაგა-ბაღში, კონტინგენტის სიმცირეს არ ვუჩივით. რამდენიმე წელია მეწყრული პროცესები ბუთურაულელებს მოსვენებისა და მშვიდი ცხოვრების საშუალებას აღარ გვაძლევს. ამ მიმართებითაც დიდია რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფალის თანადგომა – დაბა შუახევის ცენტრში რამდენიმე ოჯახს კორპორაციულ სახლში ბინები გადასცეს, რამდენიმემ ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღო. ოჯახების ნაწილი სოფელს მაინც არ ტოვებს, მიწას ამუშავებენ, მოსავალსაც ბარაქიანს იღებენ. დაზარალებულ ოჯახებს ჩვენგან ხელშეწყობა არ მოაკლდებათ. სოფლის დაცარიელება არავის სურს.

 – ბუთურაული სარწყავი და სასმელი წყლის დეფიციტს უჩიოდა. ახლა რა მდგომარეობაა?

– „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაიწყო სოფელ რაქვთიდან, 29 კილომეტრის მანძილიდან, სასმელი და სარწყავი წყლის გამოყვანა. პროექტი 5,1 მილიონ ლარად იყო შეფასებული და ის მაშინ მედიამ „საუკუნის პროექტად“ მონათლა. ამაგს ვერ დავუკარგავთ შუახევის მაშინდელ ხელმძღვანელებს: ტარიელ ებრალიძეს, ნოდარ ქარცივაძეს, ავთანდილ დიასამიძეს, მურად მიქელაძეს, ზაზა დავითაძეს, ამირან ბერიძეს. წყალსადენი თავის ფუნქციას ასრულებს.

– აქტიურად მიმდინარეობს სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა, სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ცხადია, გამონაკლისი არც ბუთურაული იქნება. . .

– შუახევში, 43 სოფლიდან და 25 დასახლებიდან, მხოლოდ ბუთურაულში გვაქვს სარიტუალო დარბაზი. სოფელი და საზოგადოება დიდ პატივს მიაგებს იაგო მიქელაძეს. მისი სამუდამო სასუფეველი საჩინო ტერიტორიაზეა. საფლავს მოვლა-პატრონობა არ აკლია, შუახევის მერიას მნიშვნელოვანი თანხა აქვს გამოყოფილი საფლავისა და ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. გრძელდება საჯარო სკოლისა და ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა. მალე ბუთურაული-ფურტიოს შემოვლით და ბუთურაული-ნაკანაფევის საავტომობილო გზებზე ბეტონის საფარის დაგება დასრულდება.

– დაშლა-დაცარიელების საშიშროების წინაშე ბუთურაულიც დგება. . .

– კარგად მახსოვს ის წლები, როცა სოფლის უხუცესები, ძელსკამზე ჩამომჯდარნი, სოფლის, ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობდნენ. რატომღაც, ეს ტრადიცია უკვე მოშლილია. არადა, ცხოვრებით დაბრძენებული ადამიანები არ გვაკლია. ვერავის დავადანაშაულებ, მაგრამ გაწყდა კავშირი ახალგაზრდობასა და ხანდაზმულებს შორის. ზოგიერთს მოსმენის კულტურაც არ აქვს. ჩემი თანატოლებისთვის სევფო, მეჯიდ, ლავროსი, ვლადიმერ, გურამ მიქელაძეების, რიზა დიასამიძისა თუ სხვების მოსმენა ცხოვრების დიდი გაკვეთილი იყო. რაკი სიტყვამ მოიტანა, ვიტყვი, რომ საოცარი ნიჭისა და მეხსიერების პატრონი იყო გურამ მიქელაძე, იგი პროფესიით ბიბლიოთეკარი. მაშინ შუახევში 43 სასოფლო, საბავშვო და რაიონული ბიბლიოთეკა იყო. იცოდა, რომელი წიგნი რომელ ბიბლიოთეკაში ინახებოდა. შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ღვაწლმოსილი ადამიანების ამაგის დასაფასებლად მათ საცხოვრებელ სახლებზე მემორიალური დაფების განთავსების კამპანიას იწყებს. ბუთურაულში 10-მდე ასეთი პიროვნება გვყავდა. ახლა, როდესაც ტურიზმის განვითარება დიდ საქმედაა მიჩნეული, ამგვარი წარწერები ტურისტებისთვისაც საინტერესო იქნება. სოფლის უბნებს ღირსეული ადამიანების სახელითაც თუ მოვიხსენიებთ, ესეც არაა ურიგო.

– თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რომ სოფელი ახალგაზრდებმა არ მიატოვონ?

– მიგრაცია უკვე შეუქცევადი პროცესია. საზოგადოებას კარგად ახსოვს შუახევის მუნიციპალიტეტის მერ ომარ ტაკიძის საარჩევნო პროგრამა, რომელიც ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული. მარტო სოფელ ბუთურაულის ტერიტორიაზე ათამდე სანახაობითი ობიექტია, რომლებიც ტურისტებს დააინტერესებთ. სოფლებში უნდა მომრავლდეს საოჯახო სასტუმროები, მცირე საწარმოები ადგილობრივი რესურსებით. სოფლის ახალგაზრდობას სათანადოდ არ მიუწვდებათ ხელი სამთავრობო თანადაფინანსების პროგრამებზე. ამ მიმართებით ბევრი რამ გამარტივებას ითხოვს. ჩემი და ყველას ვალია ქართული სოფლის შენარჩუნება.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • სექტემბერი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *