ქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათგან 62 ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობის ბრალდებით.
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეები.
მისივე ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას სისტემატურად ახორციელებდნენ.
გამოძიების ვერსიით, ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და გავრცელების მიზნით, ბრალდებულები სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. კერძოდ, ნარკოტიკებს უშუალოდ, ხელიდან ხელში გადაცემის გზით, ასევე, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების საშუალებით ყიდდნენ. გარდა ამისა, ნარკოტიკულ საშუალებებს წინასწარ შერჩეულ ადგილებში ათავსებდნენ, რის შემდეგაც, შესაბამის კოორდინატებსა და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული საკონტროლო შესყიდვებისა და ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის კოკაინი, მეთადონი, ჰეროინი, ალფა-პვპ, ამფეტამინი, პრეგაბალინი, მარიხუანა და სხვა ნივთიერებები.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრონული სასწორები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 25-260-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, შესაბამისი კვალიფიკაციის შემთხვევაში, სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
დავით კიკნაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. უწყების მთავარი ამოცანაა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართული პირების გამოვლენა, ნარკორეალიზაციის ფაქტების აღკვეთა და დანაშაულში მონაწილე პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა. მისივე თქმით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.