ქობულეთის ახალგაზრდული საკრებულო – მომავალი თაობის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში
ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მხოლოდ მათი იდეების მოსმენას არ ნიშნავს, მთავარია, რამდენად აღწევს ეს იდეები გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ქობულეთის ახალგაზრდულ საკრებულოს, რომლის მიზანიც ახალგაზრდების ინტერესების წარმოჩენა, მათი აქტიურობის ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში ჩართულობის გაზრდაა. უფრო ვრცლად აღნიშნულ თემებზე გვესაუბრა ქობულეთის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე საბა ჯინჭარაძე.
– როგორ გაჩნდა ქობულეთის ახალგაზრდული საკრებულოს შექმნის იდეა და რა არის მისი მთავარი ფუნქცია?
– მისი შექმნა განაპირობა სურვილმა, რომ ახალგაზრდებს ჰქონოდათ საკუთარი ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში და შესაძლებლობა, მიეღოთ გამოცდილება, რომელიც ღირებული იქნებოდა მათი სამომავლო განვითარებისთვის. ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ხშირად მათი საჭიროებები და იდეები არასაკმარისადაა წარმოჩენილი. ჩვენი მთავარი ფუნქციაა, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის დამაკავშირებელი რგოლის როლის შესრულება.

– როგორ ხდება ახალგაზრდების იდეებისა და ინიციატივების რეალიზება?
– ამისთვის ვიყენებთ შეხვედრებს, დისკუსიებს, სხვადასხვა ღონისძიებასა და ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაციას. როდესაც საინტერესო ინიციატივა ჩნდება, პირველ რიგში, ვაფასებთ მის საჭიროებასა და განხორციელების შესაძლებლობას, შემდეგ კი ვცდილობთ, შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით მივცეთ მას რეალური სახე. ჩვენი მიზანია, მათი იდეა მხოლოდ იდეად არ დარჩეს.
– როგორ იგებთ, რა პრობლემები აწუხებთ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს?
– ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო მათთან პირდაპირი კომუნიკაციაა. ვხვდებით, ვისმენთ მათ მოსაზრებებსა და ვაკვირდებით იმ საკითხებს, რომლებიც ყველაზე ხშირად მეორდება. ასევე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა შეხვედრისა და პროექტის ფარგლებში მიღებული უკუკავშირი. მომავალში გვინდა, უფრო სისტემური გამოკითხვებიც ჩავატაროთ, რათა ახალგაზრდების საჭიროებები უფრო ზუსტად და მონაცემებზე დაყრდნობით განვსაზღვროთ.
– ახდენს თუ არა ახალგაზრდული საკრებულო გავლენას მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებზე?
– ახალგაზრდული საკრებულო არ არის ის ორგანო, რომელიც ოფიციალურ გადაწყვეტილებებს იღებს, თუმცა მას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებაზე. ჩვენ შეგვიძია ახალგაზრდების საჭიროებები და ინიციატივები მივიტანოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე და ვითანამშრომლოთ მუნიციპალიტეტის მერიასთან მათი რეალიზებისთვის.
– გაიხსენეთ შემთხვევები, როცა ახალგაზრდების იდეების რეალიზებაში მერია დაგეხმარათ. . .
– მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებში, ნიკოლოზ ჯინჭარაძისა და ანიტა ლაზიშვილის საავტორო პროექტი „ეკო-ბანაკი“, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საკრებულოსთან თანამშრომლობით, წარმატებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ქობულეთის ახალგაზრდებისთვის მაჭახელას ეროვნულ პარკში მოეწყო ლაშქრობა და სხვადასხვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობა. მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გააცნეს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა, მაჭახელას ფლორა და ფაუნა და ჩაუტარეს ეკოლოგიის მიმართულებით ვორქშოპები. პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ეკოლოგიური ცოდნის გაღრმავება და ბუნებასთან მათი დაახლოება იყო. აღსანიშნავია, რომ ქობულეთის ახალგაზრდებმა პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოდ მიიღეს. ასევე, ქობულეთის ახალგაზრდული საკრებულოს ორგანიზებითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, გაიმართა საქველმოქმედო აქცია „გიწვევ“, რითაც მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს დავეხმარეთ.
– კიდევ რა მიმართულებითაა საჭირო მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდაჭერა?
– განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის მეტი საგანმანათლებლო, კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა. ასევე, საჭიროა მეტი არაფორმალური განათლების პროგრამა, ტრენინგი, ახალგაზრდული სივრცე და ისეთი პროექტები, რომლებიც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი იდეები პრაქტიკაში განახორციელონ.

– თქვენი დაკვირვებით, რა არის დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ყველაზე დიდი გამოწვევა?
– ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შესაძლებლობების ნაკლებობის განცდაა. ბევრ ახალგაზრდას აქვს პოტენციალი და სურვილი, განვითარდეს, მაგრამ არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა საკუთარ მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარიერული განვითარების, განათლების, ახალი უნარების მიღებისა და საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობების გაზრდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ჩვენთან ხშირად საუბრობენ დასაქმების, პროფესიული განვითარების, ახალგაზრდული სივრცეების, კულტურული და სპორტული აქტივობების ნაკლებობასა და მუნიციპალიტეტში მეტი შესაძლებლობის შექმნის საჭიროებაზე.
– როგორ ეხმარება ახალგაზრდული საკრებულო იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ საინტერესო იდეა, მაგრამ არ იციან, როგორ აქციონ იგი რეალურ პროექტად?
– ვცდილობთ, ახალგაზრდებს მივცეთ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, თუ როგორ მივიდნენ იდეიდან პროექტამდე. მაგალითად, როგორ ჩამოაყალიბონ პრობლემა, მიზანი და ამოცანები, როგორ დაგეგმონ აქტივობები, მოძებნონ პარტნიორები და რესურსები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდამ მხოლოდ ღონისძიებაში მონაწილეობა კი არ მიიღოს, არამედ თვითონ შექმნას პროექტი და განახორციელოს.
– რას აკეთებს ახალგაზრდული საკრებულო ახალგაზრდების დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის?
– ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვცდილობთ, ახალგაზრდებს მივაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიების, სტაჟირებების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ, თუმცა, ვფიქრობ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი სამუშაოა საჭირო. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში მიიღონ ინფორმაცია კარიერული არჩევანის, პროფესიული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
– რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ქობულეთში დარჩენის სურვილი და მოტივაცია ჰქონდეთ?
– ამისთვის მხოლოდ ერთი მიმართულების განვითარება საკმარისი არ არის. საჭიროა განათლების, დასაქმების, ბიზნესის, კულტურისა და ახალგაზრდული ინფრასტრუქტურის განვითარება. ახალგაზრდამ უნდა დაინახოს, რომ ქობულეთში დარჩენა არ ნიშნავს შესაძლებლობებზე უარის თქმას. პირიქით, მუნიციპალიტეტში უნდა არსებობდეს გარემო, სადაც მას შეუძლია ისწავლოს, იმუშაოს და განავითაროს საკუთარი იდეები.
– რა არის ახალგაზრდული საკრებულოს სამომავლო მიზანი?
– ჩვენი მიზანია, ახალგაზრდული საკრებულო კიდევ უფრო აქტიური და შედეგზე ორიენტირებული გავხადოთ. გვინდა მეტი ახალგაზრდის ჩართვა, ახალი პროექტების განხორციელება, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გაძლიერება და ისეთი ინიციატივების შექმნა, რომლებიც რეალურად უპასუხებს ახალგაზრდების საჭიროებებს. გვსურს ახალგაზრდული საკრებულო იყოს არა უბრალოდ ღონისძიებების ორგანიზატორი, არამედ ძლიერი პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ შესაძლებლობებს მისცემს და მათ ხმას ადგილობრივ დონეზე გააძლიერებს.
თამარ ლამპარაძე