„ქრისტიანული საქართველოს 1700 წელი“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანული საქართველოს 1700 წელი“ გაიხსნა.
ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თათია გორგილაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ტიტე აროშიძესთან, სასულიერო და სხვა მოწვეულ პირებთან ერთად დაესწრო. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას ქვეყნის სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება. მისი მიზანია ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ განვითარებასა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში ქრისტიანობის როლისა და გავლენის კვლევა.
უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ფარგლებში, წელს აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 10-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.