ღვაწლმოსილი მედდა მადლობის სიგელით დააჯილდოვეს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმ ნინო ნიჟარაძემ, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ციხისძირის ამბულატორიის მედდა ნარგიზ იაკობაძე-საგინაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
– ქალბატონ ნარგიზს სამინისტროს სახელით ვულოცავ საიუბილეო თარიღს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას. მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაში, რომელსაც 63 წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურა, – აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
ღვაწლმოსილ მედდას იუბილე ასევე, მიულოცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მინდია რომანაძემ. სამინისტროს ინფორმაციით, ნარგიზ იაკობაძე-საგინაძე პროფესიულ საქმიანობას რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ეწეოდა. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი.