60 წლის ასაკშიც ის უნდა აკეთო, რაც შენს განვითარებას ემსახურება
By

60 წლის ასაკშიც ის უნდა აკეთო, რაც შენს განვითარებას ემსახურება

დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა ბაგრატიონია, რომელიც ამტკიცებს, რომ ახალი პროფესიის შესწავლასა და ცოდნის მიღებას ასაკი ხელს არ უშლის. მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების შემდეგ, მან 60 წლის ასაკში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. მისთვის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ახალი მიმართულების არჩევა არაა, ეს არის სურვილი, არასდროს შეწყვიტოს სწავლა, განვითარდეს და საკუთარ თავს ახალი შესაძლებლობები მისცეს.

– რატომ გადაწყვიტეთ ცხოვრების ამ ეტაპზე სტუდენტობა?
– მინდოდა, ერთგვარი „გადატვირთვა“ მომეწყო. ჩემს ცხოვრებაში პერიოდულად ყველაფერი მკვეთრად იცვლება, მაგალითად: სკოლის შემდეგ ვმუშაობდი ჩაქვის საბავშვო ბაღში, შემდეგ იყო უნივერსიტეტი. მოგვიანებით, ჩაქვის რუსულ სკოლაში, 20 წლის განმავლობაში, ვასწავლიდი რუსულ ენასა და ლიტერატურას, 10 წელი კი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში – ,,ქართულს, როგორც მეორე ენას“ ჯავახეთში, სომხურენოვან ბავშვებსა და უფროსებს. შემდეგ კვლავ შინ დავბრუნდი, ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში დავიწყე მუშაობა და დღეს ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას ქართულ და რუსულენოვან სექტორებში. სამოცი წელი ქალის ცხოვრებაში, მაინც, განსაკუთრებული ციფრია. გავედი პენსიაზე, თუმცა ეს პასიური პერიოდი საერთოდ არ მიზიდავდა, პირიქით, ისევ სტუდენტობა მომინდა, ამიტომაც უნივერსიტეტში ჩავაბარე.
– რატომ გაგიჩნდათ თურქული ენისა და თურქოლოგიის შესწავლის სურვილი?
– ეს სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ჯავახეთში მუშაობისას ორჰან ფამუქის რომანი „თოვლი“ წავიკითხე. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, თუ რამდენად განსხვავდება აღმოსავლური ლიტერატურა ევროპული კლასიკისგან თავისი უნიკალური ფრაზებით, მხატვრული მეტაფორებითა და დახვეწილი ენით. ამასთან, ელიფ შაფაქის შემოქმედებამაც დამაინტერესა. ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა სტამბოლში მოგზაურობამ, რითაც ძალიან მოვიხიბლე. გამიჩნდა ამბიცია, სიღრმისეულად შევისწავლო ჩვენი მეზობელი ქვეყნის ენა, ისტორია და კულტურა. თანაც, ხუმრობით თუ ვიტყვით, პროფესიით რუსული ენის სპეციალისტი ვარ და თუკი ერთი დიდი იმპერიის კულტურას კარგად ვიცნობ, რატომ არ უნდა შევისწავლო მეორე, თანამედროვე იმპერიის მენტალიტეტი და ისტორია? მით უმეტეს, რომ ჩემ თვალწინ თურქეთი ჩამორჩენილი ქვეყნიდან მძლავრ, წარმატებულ სახელმწიფოდ იქცა და როგორც მაძიებელ ადამიანს, ძალიან მაინტერესებს, რა არის ამ წარმატების მიზეზი.
– როგორ შეხვდნენ ოჯახი და ახლობლები ამ გადაწყვეტილებას?
– იუმორითა და გაკვირვებით. მათთვის წარმოუდგენელიც კი იყო, რომ 60 წლის ასაკში შესაძლებელია ხელახლა დაიწყო სტუდენტობა, იარო ლექციებზე და ისწავლო. ამ ყველაფერს ცოტა არასერიოზულადაც უყურებდნენ და ამბობდნენ: ისეთი ხასიათი აქვს, თუ არ მოეწონება, თავს მარტივად დაანებებს და შეიძლება, საერთოდ არც იაროს უნივერსიტეტშიო. თუმცა დღეს ჩემს სტუდენტობას მთელი ოჯახი გულშემატკივრობს.
– საინტერესოა მოსწავლეებისა და კოლეგების რეაქციაც. . .
– კოლეგები დიდი აღტაცებით შეხვდნენ. ამბობდნენ, რომ ნამდვილი მოტივატორი ვარ და უკვირდათ, საიდან ვპოულობ ამდენ ენერგიას, რომ ყოველივეს თავს ვართმევ. რაც შეეხება მოსწავლეებს, საერთოდ არ გაჰკვირვებიათ, ჩემი ეს ნაბიჯი უცნაურად არ მოსჩვენებიათ, მეტიც, დღეს ჩემი ერთგული გულშემატკივრები არიან.
– როგორი იყო უნივერსიტეტის პირველი დღე?
– სტუდენტობის პირველი დღე საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. თავიდან საერთო შეხვედრა გვქონდა, სადაც უნივერსიტეტის მისია, ძირითადი მიმართულებები და სტუდენტური შესაძლებლობები გაგვაცნეს, რაც ძალიან საინტერესო იყო. შემდეგ თურქოლოგიის მიმართულების წარმომადგენლებსა და მოწვეულ ლექტორს შევხვდით.
საერთოდ, ამ პირველი დღეებისა და მთელი კვირის განცდები საოცარია. არა მხოლოდ ჯგუფელები, სხვა სტუდენტებიც კი მოდიან ჩემთან, მეცნობიან და მეუბნებიან: „ჩვენ თქვენ გიცნობთ, ვუყურებთ თქვენს ვიდეოებს, ძალიან საყვარელი ხართ“. ეს თბილი და ემოციური დამოკიდებულება ენერგიით მავსებს. გარდა ამისა, ლექტორებიც საოცრად კეთილგანწყობილები არიან. პირველმა კვირამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. თურქულ ენაში უკვე გვქონდა ორი დატვირთული დღე, ასევე, თურქეთის ისტორიის ლექციაც. ჯერჯერობით თავს კარგად ვართმევ როგორც ენას, ისე ახალ გარემოს. საინტერესოა, რომ ინგლისურის ლექციებიც დაგვეწყო. მე სკოლასა თუ უნივერსიტეტში ინგლისური არასდროს მისწავლია, გერმანულს ვსწავლობდი, ამიტომ ინგლისურიც ჩემთვის სრულიად ახალი ენაა და, შესაბამისად, თითოეული საგნის სწავლას უდიდესი მონდომებითა და მოტივაციით ვუდგები. ისტორიაშიც მხოლოდ ერთი ლექცია ჩაგვიტარდა, თუმცა პირველივე დღიდან უამრავი საინტერესო ინფორმაცია მივიღე.
– როგორ დაგხვდნენ ახალგაზრდა თანაკურსელები და ლექტორები?
– სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი უპირატესობას მაძლევს, თუმცა ჩემი დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავდება ახალგაზრდა სტუდენტების მიდგომებისგან. ისინი, მგონია, ჯერ კიდევ ვერ გამოვიდნენ სასკოლო გარემოდან, ბავშვები არიან და სწავლასაც სხვანაირად უყურებენ. მე კი, ალბათ, ყველაზე ცნობისმოყვარე სტუდენტი ვიქნები. ზოგადად, მე, როგორც მასწავლებელს, ყოველთვის ძალიან მიყვარს, როცა მოსწავლეები კითხვებს მისვამენ, ეს ხომ იმას ნიშნავს – მათ საგანი აინტერესებთ და უნდათ, მასალა სიღრმისეულად შეიმეცნონ. ზუსტად ასეთივე ინტერესითა და ინტერაქციით ვუდგები ახლა მეც ლექციებს.
– თანაკურსელებთან შედარებით, რა უპირატესობას გაძლევთ ცხოვრებისეული გამოცდილება?
–
პროფესიით ენის სპეციალისტი ვარ, რაც განაპირობებს ჩემს ინტერესს სპეციფიკური ლინგვისტური ნიუანსების მიმართ. ზოგჯერ ჩემი ცნობისმოყვარეობა წინ უსწრებს კიდეც ლექტორის მიერ მასალის ახსნას, რადგან წინასწარ ვკითხულობ, საკითხის არსს უკეთ რომ ჩავწვდე. ასაკიდან გამომდინარე, სხვაგვარად ვხედავ სიტუაციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდებზე უკეთ ვფლობ სიტუაციას. ეს უბრალოდ სხვაგვარი აღქმაა. მიმაჩნია, რომ თანამედროვე თაობას გაცილებით დიდი პოტენციალი და ცოდნა აქვს. თუნდაც ჩემს ჯგუფში ახალგაზრდების ნაწილს უკვე აქვს თურქული ენის ბაზისი, ინგლისურს კი ყველანი ჩემზე ბევრად უკეთ ფლობენ. სწორედ ამიტომ, როდესაც ისინი სასწავლო პროცესში აქტიურად ერთვებიან, უდიდესი ინტერესითა და ყურადღებით ვუსმენ მათ.
– როგორ უთავსებთ სწავლას ყოველდღიურ ცხოვრებასა და სხვა პასუხისმგებლობებს?
– არც ისე რთულია, რადგან სკოლაში მუშაობის პარალელურად, ყოველი თავისუფალი „ფანჯრის“ დროს სასწრაფოდ უნივერსიტეტში გავრბივარ ლექციებზე, შემდეგ სკოლაში მოვდივარ და გაკვეთილებს ვაგრძელებ. დღის ბოლოს შინ ისე ვბრუნდები, როგორც ადრე, თუმცა რეჟიმი სრულიად შეცვლილია. მაგალითად, გასულ კვირადღეს მთელი დრო მოცემული დავალებების მომზადებას, მასალების გადახედვასა და მეცადინეობას დავუთმე. ამან საკმაოდ დიდი დრო წაიღო, თუმცა დისკომფორტი არ შემქმნია. პირიქით, როცა ოჯახი ასე გიდგას გვერდით, ამ ყველაფრის შეთავსება სულაც არ არის რთული.
– გაქვთ თუ არა კონკრეტული პროფესიული ან პირადი გეგმა თურქოლოგიის დასრულების შემდეგ?
–
მართალია, თავიდან გეგმა არ მქონია, მაგრამ ახლა, როცა ვფიქრობ, რატომაც არა? ძალიან მინდა კვლევითი მიმართულებით წავიდე და მეტი გავიგო ოსმალეთის იმპერიაში აჭარის ყოფნის პერიოდზე, თანაც ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ვფიქრობ, შეიძლება გავხდე გიდი. თურქეთი უზარმაზარი ქვეყანაა და იქ ბევრი ისეთი რამაა სანახავი, რაც საქართველოსთან და ჩვენს წარსულთან არის დაკავშირებული. ამისთვის, რა თქმა უნდა, თურქული ენისა და ისტორიის კარგი ცოდნა მჭირდება. ვფიქრობ, ამ სწავლის დროს შეძენილი ცოდნით ტურისტულ სფეროშიც ბევრ რამეს მოვასწრებ.
– რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც დღესაც აქვთ ოცნება, მაგრამ ფიქრობენ, რომ მისი ასრულება უკვე გვიანია?
– ჩემს ჯგუფში არიან დაოჯახებული გოგონები, რომლებსაც უკვე ჰყავთ შვილები. ისინი ყოველდღე ჩემ გვერდით სხედან უნივერსიტეტში და სწავლობენ. ვფიქრობ, ჩემზე მეტად ისინი იმსახურებენ ყველაზე დიდ დაფასებას, რადგან მათ მხრებზე უამრავი პასუხისმგებლობაა: უვლიან პატარებს, უძღვებიან ოჯახს, პარალელურად მუშაობენ და, ამ ყველაფერთან ერთად, სწავლობენ კიდეც. აღფრთოვანებული ვარ ამ გოგონებით, ისინი ნამდვილი მაგალითი და მოტივატორები არიან ყველასთვის, ვისაც ვერ გადაუწყვეტია, გააგრძელოს თუ არა სწავლა, ან დაიწყოს თუ არა რაღაც ახალი. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა აკეთო ის, რაც გინდა, რაც შენს განვითარებას ემსახურება. ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ ქალმა ცხოვრებაში მყარად დგომა შეძლოს, იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი.
– რა გზავნილი გექნებათ ჩვენი მკითხველებისთვის?
– ძალიან მიხარია, რომ დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაზეთებს კითხულობენ, რადგან ბეჭდურ მედიას სულ სხვა ძალა და დატვირთვა აქვს. მინდა, თქვენი გაზეთის ფურცლებზე მკითხველმა ყოველთვის იპოვოს კარგი, პოზიტიური და წარმატებული ისტორიები, ისეთი ინფორმაცია, რომელიც ადამიანებს ცხოვრებაში ახალი ნაბიჯების გადადგმას გადააწყვეტინებს და კარგ საქმეებს გააკეთებინებს. ვუსურვებ წარმატებას ჩვენი კუთხის ამ ერთ-ერთ უძველეს და გამორჩეულ გაზეთს.

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *