შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე პანამის დროშით მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს
By

შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე პანამის დროშით მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, პანამის დროშით მცურავი გემის მიერ ზღვა სამეურნეო წყლებით დაბინძურდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემდეგ მიეცა.

„შავი ზღვის დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო წყლის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის, ასევე, უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით შავ ზღვაზე უწყვეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს“, – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკვე განხორციელდა 72 გემის ინსპექტირება. გამოვლენილია შვიდი სამართალდარღვევა. მათ შორის, ხუთი გემიდან ზღვის დაბინძურების ფაქტია.

„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მცირდება გემების მხრიდან ზღვის ნავთობპროდუქტებით დაბინძურების ფაქტები, რაც, ერთი მხრივ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერებისა და შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს ეფექტიანი მუშაობის, მეორე მხრივ კი, გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია, რასაც შემაკავებელი ეფექტი აქვს“, – აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

 

  • No Comments
  • აპრილი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *