შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ
By

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ

სლოვაკეთში გვქონდა საუბარი ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობაზე, რომელიც გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს, ასევე, მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის პროცესში იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სლოვაკეთს აქვს საკმაოდ სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ.

„შეხვედრა მექნება პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე კოლეგებთან სლოვაკეთის პარლამენტში. გვექნება საუბარი, უპირველეს ყოვლისა, ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობაზე, რომელიც გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს როგორც საკომიტეტო დონეზე, ისე მეგობრობის ჯგუფებს შორის გაცვლით. ბოლო პერიოდში არის ინტენსიური ვიზიტები მაღალ დონეზე, საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა ცოტა ხნის წინ სლოვაკეთში. ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის პროცესში იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებენ. მნიშვნელოვანია, რომ იმ პროპაგანდის და აგრესიული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული ხელისუფლება ევროკავშირში საქართველოს წინააღმდეგ ეწევა, ჩვენმა მეგობრებმა შეძლონ საღი აზრის შეტანა სხვადასხვა განხილვებში. ასე რომ, ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, მნიშვნელოვანია ევროკავშირის ფარგლებში საქართველოსთან მიმართებით სხვა ქვეყნებზე არამეგობრული პოლიტიკის მიმართ სლოვაკეთის მხრიდან მეგობრული პოლიტიკის გატარება, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის განცხადებით, სლოვაკეთში ვიზიტისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება განათლების მიმართულებით.

„შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით გვექნება. ერთ-ერთი აქცენტი გაკეთდება განათლების მიმართულებით, რადგან ცოტა ხნის წინ სლოვაკეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმა განახორციელა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ჩვენც განათლების რეფორმის აქტიურ ფაზაში ვართ და მნიშვნელოვანია, ევროპული ქვეყნის გამოცდილება მოვისმინოთ. საზოგადოებამ იცის იმ მყარი, მტკიცე მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც სლოვაკეთი საქართველოს მიმართ გამოხატავს რეზოლუციების მიღებისას თუ სანქციების არდაშვების თვალსაზრისით“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.

  • No Comments
  • მაისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *