შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტს იტყვიან, მით მეტად დარწმუნდება საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობაში
By

შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტს იტყვიან, მით მეტად დარწმუნდება საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობაში

ანტიკონსტიტუციური პარტიები ადასტურებენ, რომ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დროს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები ადასტურებს მმართველი გუნდის სარჩელში წარმოდგენილ ბრალდებებს.
„თავად ეს პოზიცია, რომელიც მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მსვლელობის დროს ანტიკონსტიტუციურმა პარტიებმა გაახმოვანეს, ადასტურებს ჩვენს სარჩელს. ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოსკოვშია დაწერილი, ამბობენ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მას უკვე წინასწარ განსაზღვრულად უთხრეს, რა გადაწყვეტილება მიიღონ და ა.შ. ადასტურებენ მათ მიმართ ჩვენს ერთ-ერთ ბრალდებას, რომ ისინი კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც დემოკრატიის არაღიარების მთავარი ნიშანია. პირიქით, რაც უფრო მეტ ასეთ რამეს იტყვიან, მით უფრო მეტად დარწმუნება საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია სამი დღის განმავლობაში, უსაფუძვლო შუამდგომლობების დაყენებით, პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა. „ვხედავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათ არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, აშკარად ცდილობენ, უკვე წინსწრებით ყალბი საფუძვლები მოამზადონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. მგონი, საზოგადოებაც კარგად დარწმუნდება, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო შუამდგომლობებს აყენებდნენ. შუამდგომლობების მესამედი პირიქით, ადასტურებს კვლავ ჩვენს სარჩელს. შეეხებოდა სასამართლოს მთლიანი შემადგენლობის აცილებას, ცალკეული მოსამართლეების აცილებას და მთავარი საფუძველი იყო ის, რომ ისინი კვლავ ეჭვის ქვეშ აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას. ასე რომ, ამ შუამდგომლობებითაც კი დაეხმარნენ ჩვენს სარჩელს, რადგან კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ესენია, „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტი“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

  • No Comments
  • ოქტომბერი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *