შანხაიში ITB China-ზე საქართველო პარტნიორის სტატუსით წარდგება
By

შანხაიში ITB China-ზე საქართველო პარტნიორის სტატუსით წარდგება

აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ITB CHINA 2026-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

„სულ რამდენიმე დღე დარჩა და ჩინეთში, შანხაიში ITB China-ზე საქართველო პარტნიორის სტატუსით წარდგება. სამი დღის განმავლობაში, ყველაზე საუკეთესო ადგილზე, საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა, გასტრონომია, ისტორია. ასევე, ჩვენთან ერთად კერძო სექტორის 30 წარმომადგენელი დაამყარებს ახალ ბიზნესურთიერთობებს იმისთვის, რომ ერთობლივად ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში.

ეს ღონისძიება, საქართველოს ცნობადობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. 25 მაისს ჩვენ გვაქვს მიღება, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს, სტუმარ-მასპინძლობის და ავიაციის ინდუსტრიიდან, გავაცნობთ საქართველოს კულტურას, გასტრონომიას, მოვუყვებით ჩვენი დიდი ისტორიის ქვეყნის შესახებ და დავპატიჟებთ მათ საქართველოში“, – აღნიშნავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

საქართველოს შესახებ მომზადდა ვიდეორგოლები, რომლებიც ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.

შანხაის გამოფენა მაღალი რანგის სტუმრების მიერ საქართველოს სტენდის დათვალიერებით დაიწყება. მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო.

ქვეყნის ეროვნულ სტენდს შანხაიში 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა. მოეწყობა სამუშაო სივრცე, სადაც მონაწილე ქართულ ტურისტულ კომპანიებს საშუალება ექნებათ, გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან. გამოფენის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული სტენდის სტუმრებს, სამი დღის განმავლობაში, საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიას, ღვინოს.

საქართველოს პავილიონში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენის ვიზიტიორები ქართული რეწვის ნიმუშებს გაეცნობიან და ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მუზეუმებისა და ფონდებში დაცული კოლექციების შესახებ. ITB China-ს ფარგლებში ჩატარდება რეწვისა თუ ქართული კალიგრაფიის მასტერკლასები.

გამოფენის მსვლელობისას, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, ქართული ეროვნულ ცეკვებსა და სიმღერებს გაეცნონ – წელს შანხაის გამოფენაზე კულტურულ ღონისძიებას ანსამბლი „რუსთავი“ გამართავს.

ITB China-სთვის საგანგებოდ ემზადება შეფ-მზარეული ირაკლი ასათიანი, რომელიც გამოფენის სტუმრებს ქართულ კერძებს გააცნობს და მასტერკლასებს გამართავს.

გამოფენის გახსნამდე, 25 მაისს, საქართველოს სახელით, სპეციალური გალა მიღება გაიმართება, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ქართული კერძები, გაეცნონ ქართული გასტრონომიის ისტორიას, კულტურასა და საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

  • No Comments
  • მაისი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *