შეხვედრა დაცული ლანდშაფტების მართვის მიმართულებით გამოცდილების გასაზიარებლად
By

შეხვედრა დაცული ლანდშაფტების მართვის მიმართულებით გამოცდილების გასაზიარებლად

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „დაცული ლანდშაფტის მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია“.  ინფორმაციას  აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე დაესწრნენ.
შეხვედრის მიზანი იყო დაცული ლანდშაფტების მართვის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება, აქტუალური საკითხებისა და გამოწვევების განხილვა, ასევე სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კოორდინაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.
,,ღონისძიების ფარგლებში განხილეს დაცული ლანდშაფტების მართვის პოლიტიკა, სამართლებრივი ჩარჩო, მოქმედი მართვის მოდელი და პრაქტიკული გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართვის პროცესში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრის შემდეგ მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გაეცნენ დაცული ლანდშაფტის მართვის პრაქტიკულ გამოცდილებას, განხორციელებულ საქმიანობასა და არსებულ გამოწვევებს“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ივლისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *