შეხვედრა – ქართულ დისაპორასთან
By

შეხვედრა – ქართულ დისაპორასთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე, იზნიქის, ინეგოლის, ორჰანგაზის, გემლიქის, ბურსას, ბალიქესირისა და გოლჯუქის ქართული საზოგადოებების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის განსაკუთრებულ როლს ქართულ-თურქული ურთიერთობების გაღრმავებაში, ასევე, ქართული ენის, კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიული ფესვების შენარჩუნების საქმეში.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და რეგიონში მოღვაწე სხვადასხვა ქართული საზოგადოების თავმჯდომარეებთან. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და დიასპორის განსაკუთრებული წვლილი ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებაში.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დიასპორასთან ერთად დაგეგმილი გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი და სასიკეთო პროექტის განხორციელება. ამ პროცესში ჩართულია დიპლომატიური მისიები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები, რაც თანამშრომლობის კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს ქმნის“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა მზად არის, დიასპორასთან ერთად განახორციელოს ახალი ინიციატივები, ხელი შეუწყოს ქართული ენის, ტრადიციების პოპულარიზაციას და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირების გაძლიერებას.

დელეგაციის წევრებმა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებიც მოინახულეს, მათ შორის, პანორამული მუზეუმი და შვიდასწლოვანი სოფელი ბურსის პროვინციაში, რომელიც 2014 წელს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.

შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ივლისი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *