შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი გუშინ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ჩხრეკისას დააკავეს, რამაც ადგილზე ხმაური გამოიწვია.
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა ია სირანაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მასზე იძალადეს.
პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ელიზბარაშვილის ადვოკატ ია სირანაშვილის განცხადებით, ჩხრეკის ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ის „ბინიდან გამოაგდეს და წიხლები ურტყეს“.