შუახეველებს – გრან პრი
By

შუახეველებს – გრან პრი

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

გალა კონცერტში მონაწილეობა მიიღო ჟიურის მიერ შერჩეულმა 13-მა საუკეთესო ანსამბლმა. კონცერტის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ გრან პრისა და საპრიზო ადგილების მფლობელები. გრან პრი მოიპოვა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის შუახევის სალოტბარო სკოლის ანსამბლმა, რომლის ხელმძღვანელია ეთერ დარჩიძე. ჯილდო გამარჯვებულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გადასცა.

– ეს ჯილდო პირველი დიდი აღიარებაა, – გვითხრა ეთერ დარჩიძემ. წარმატებაში დიდია სოლისტების ელმირა ნაკაიძის, საბა დიასამიძის, ნუკრი ბოლქვაძის, ნიკა ბერიძის, ალექსანდრე თურმანიძის და აკომპანიატორ გიორგი გორგაძის წვლილი. კიდევ უფრო დიდი პატივია, როცა გრან პრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გადმომცა. ჩვენი მიზანია, ამ აღიარებას სხვა წარმატებებით ვუპასუხოთ.

ქედის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ჩანგი“ სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია. საპრიზო ადგილზე გასულ ანსამბლს ჯილდო ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ გადასცა.

მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლასთან არსებულმა სოფელ ბუთურაულის იაგო მიქელაძის სახელობის სკოლის ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერცხალი“ (ხელმძღვანელი ჯამბულ დავითაძე). ჯილდო გამარჯვებულებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ გადასცა.

ასევე, მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „არგინეთმა“ (ხელმძღვანელი სულხან ფასანიძე). ჯილდო გამარჯვებულებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ გადასცა.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ივნისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *