შშმ პირთა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში
ბათუმში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის, რომელშიც მონაწილეობის სურვილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 18 მონაწილემ გამოთქვა. ჩემპიონატი, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, 17-დან 21 ივლისის ჩათვლით ჩატარდა.
ტურნირი შვეიცარიული სისიტემით 7 ტურად მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგ ფიდეს რეიტინგიც დაითვალა. სასიხარულოა, რომ აჭარის ოთხმა წარმომადგენელმა სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.
ვაჟთა შორის ჩემპიონობა მეორედ იზეიმა ქობულეთელმა ამირან მალანიამ, მეორეზე ბათუმელი ბადრი ბოლქვაძე გავიდა, მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი კი თბილისელმა ოთარ გახოკიძემ დაისაკუთრა.
ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი ქუთაისელი ანანო გოგონაძე გახდა, მეორე ადგილზე ბათუმელი ანა მგელაძე გავიდა, მესამეზე – ხულოს წარმომადგენელი ნაზი გობაძე.
გამარჯვებულები და პრიზიორები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დაპლომებით დააჯილდოვეს, ხოლო ფასიანი საჩუქარი ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა.
– ჩემპიონატმა, რომელიც ტრადიციულია და ყოველთვის ბათუმში ტარდება, წელს ბევრი მონაწილე მოიზიდა. ამიტომ მედლებისათვის ბრძოლა ბოლო ტურამდე დაძაბულად მიმდინარეობდა. როგორც აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელს, მიხარია, რომ ჩვენი რეგიონის წარმომადგენლებმა ოთხი სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვება შეძლეს. შეხვედრები ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, ბოლომდე არ იყო გარკვეული, ვინ დაიკავებდა საპრიზო ადგილებს, – გვითხრა საერთაშორისო დიდოსტატმა სალომე მელიამ.
– შარშანაც სერიოზულ ბრძოლაში მოვიპოვე ჩემპიონის ტიტული, მაგრამ წელს კიდევ უფრო დაძაბულ ასპარეზობაში გავიმარჯვე და ჩემპიონის ტიტული დავიცავი, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ, – გვითხრა ამირან მალანიამ.
მანანა ძიძიშვილი