„ჩვენი ერთადერთი სამიზნე მმართველი პარტიაა“
By

„ჩვენი ერთადერთი სამიზნე მმართველი პარტიაა“

ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისადმი დასავლურ გზავნილებს მმართველი გუნდი და ოპოზიცია განსხვავებულად აფასებენ. მეტიც, არ არსებობს საკითხი, რომელზეც სახელისუფლებო პარტია და ოპოზიციური სპექტრი თანხმდება. ამის კიდევ ერთი დადასტურება „ძლიერი საქართველო – ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრ გენო თებიძესთან ინტერვიუა, რომელშიც იგი არაერთ აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება.
– ქართულ პოლიტიკაში რა კონკრეტული მოვლენები იკვეთება?
– ქართულ პოლიტიკაში მოვლენები არასახარბიელოდ ვითარდება და ეს ცხადზე უცხადესია. სამწუხაროდ, ხელისუფლება საზოგადოების წუხილს, მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. ამ მხრივ, ვხედავთ, რამდენად მოტივირებულია ქართული საზოგადოება. დღეს ჩვენ ვაკვირდებით ახალგაზრდების უპრეცედენტო სოლიდარობას დიუშენით დაავადებული ბავშვებისადმი. ახალგაზრდებმა წამოიწყეს კამპანია და თითქმის ორ მილიონამდე თანხა შეაგროვეს. როცა სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ბავშვებზე, მაშინ საზოგადოება იღებს ამ პასუხისმგებლობას. პრობლემისადმი ხელისუფლების ასეთმა დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მათი ზნეობრივი სახე, რაც კიდევ უფრო საჩინო გახადა ყოფილი მაღალჩინოსნების
(პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი,
უშიშროების მინისტრი) დაპატიმრებამ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებაში კორუმპირებული ადამიანები არიან. ეს ხომ ქმნის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ეს ხელისუფლება მმართველობაში მოსულია საკუთარი კეთილდღეობის მოსაწყობად. როცა დავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს, ამ აზრს გამოხატავენ.
– სხვათა შორის, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მოსახლეობას ხვდებიან და მათ პრობლემებს აგვარებენ. . .
– ასე ამბობენ, მაგრამ. . . ამას საქმე არ მოწმობს. მოვიყვან ერთ მაგალითს: ამასწინათ ვიყავით ხულოში, თაგოში, რომელიც ხულოს ცენტრთან საბაგირო გზით არის დაკავშირებული. სამი წელია ეს საბაგირო გზა გაჩერებულია, გზა არის სახიფათო. მოსახლეობა შეწუხებულია, სჭირდება სურსათი, მედიკამენტები, რის შეძენასაც ადამიანები უგზოობის გამო ვერ ახერხებენ, მოწყვეტილი არიან რაიონულ ცენტრს. დაცლილია სოფლები, ახლა თაგოში სწავლობს 15 მოსწავლე. ერთ-ერთმა პენსიონერმა სინანულით აღნიშნა, მომავალი წლიდან ამ სკოლაში ზარი აღარ დაირეკებაო. წესით, ხელისუფლება ასეთ პრობლემებს უნდა აგვარებდეს, მაგრამ ისინი საკუთარ კეთილდღეობაზე მეტად ფიქრობენ და დროდადრო მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ახორციელებენ.
– თქვენი პარტია საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს როგორ აფასებს?
– აჭარის მაგალითზე გეტყვით, როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც ეს ცვლილება არაფრის მომტანია ამ კუთხის კეთილდღეობისთვის.
მარტივ მაგალითს მოვიყვან. პირველი – ზურაბ პატარაძე ჩვენ გვახსოვს, ის თითქმის ორი წელი იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თუმცა მის მიერ გაკეთებული მნიშვნელოვანი საქმე (ვგულისხმობ მსხვილ პროქტებს) არ გვახსენდება, თუ არ ჩავთვლით „ამბასადორისთვის“ ბულვარში წამოწყებულ მშენებლობას, რომელიც მისი მმართველობის დროს რუსეთის მოქალაქე ქებურიამ გაბედა, დღეს კიდევ მეტი გაქანების საშუალებას აძლევენ ჩვენს რეგიონში ამ პიროვნებას, მხედველობაში მაქვს ხელოვნური კუნძულის მშენებლობა. . . მეორე – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჩანაცვლებას, დავით გაბაიძეს უნდა ევაჟკაცა, ის რიჟვაძის კადრი იყო, როდესაც რიჟვაძე, პირდაპირი გაგებით, „აკაჩავეს“, დაჭრეს, დავით გაბაიძეს ხმა უნდა ამოეღო, მაგრამ ჩუმად გააგრძელა საქმიანობა, მერე კი აქლემმა მის ეზოშიც ჩაიმუხლა. . . და მიაბრძანეს ეს ადამიანი საპენსიო თანამდებობაზე. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს ახალ თავმჯდომარეს, ცოტნე ანანიძეს, მისი სოფელი ახლაც უწყლოდ არის. კარგი იქნება, თუ საკუთარი სოფლიდან დაიწყებს ხალხზე ზრუნვას. გარდა ამისა, მაინტერესებს, ელისო ბოლქვაძემ ჩვენი რეგიონის კულტურული აღმავლობისთვის რა მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა. ის, რომ კულტურის სამინისტრომ ოთხი ძვირად ღირებული ავტომობილი შეიძინა, კითხვებს ბადებს.
– ზოგადად, თქვენი პარტიის და, საერთოდ, ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლებისადმი რამდენად არგუმენტირებულია? მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ქვეყანა თანმიმდევრულად ვითარდება. . .
– ამ ქვეყანაში თუ რამე ყვავის – ეს კორუფციაა! უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა უდიდეს ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს. ვხედავთ, რომ აშშ და ევროკავშირი ნელ-ნელა ამ ხელისუფლებამ და ივანიშვილმა ჩამოიშორეს, რადგან მას კონკრეტული ვალდებულებები აქვს რუსეთთან. ყველა მათი პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს იმისთვის, რომ ხალხს ჩაუნერგონ, თითქოს რუსეთი არის მაინც ერთმორწმუნე, რეალურად კი ოკუპანტი ქვეყანაა.
სამწუხაროდ, ჩვენს პარტნიორებს აგინებენ. ამ მხრივ ავანგარდში პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი არიან, რომელთა ლექსიკა შეუფერებელია.
– სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ შესაძლოა საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეიცვალოს, რას ფიქრობთ?
– ამ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის შეცვლა ერთი ადამიანის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ვგულისხმობ ივანიშვილს. ფინანსურად, ეკონომიკურად მომძლავრებული საზოგადოება ამ ხელისუფლებას არ სჭირდება, რადგან თავისუფალი ადამიანი უფრო მომთხოვნია, რაში სჭირდება ეს პრობლემები ივანიშვილს? მას ურჩევნია, მეტი ადამიანი მოაქციოს წნეხის ქვეშ, დამოკიდებული გახადოს ბანკებზე, რომ არ იფიქროს ქვეყნის მომავალზე, მის კეთილდღეობაზე. მოთმინების ფიალა მალე აივსება და ძალიან ცუდად დაუბრუნდება მმართველ პარტიას და კონკრეტულად ივანიშვილს ეს ყველაფერი.
– მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიცია ურთიერთდაპირისპირების რეჟიმშია გადასული, იგულისხმება სააკაშვილის თავდასხმები ოპოზიციურ ალიანსზე და პირიქით. თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– „ძლიერი საქართველო – ლელო“ თავისი გზით განაგრძობს პოლიტიკურ ველზე საქმიანობას, მოქალაქეებს ვხვდებით, ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ამასწინათ აჭარაში იმყოფებოდა, ვიყავით ქობულეთში, შუახევში, ხულოში. ცხადია, მე ვახლდი როგორც პოლიტსაბჭოს წევრი და რეგიონის კურატორი, მოვიარეთ მთელი აჭარა, ვეცნობოდით კონკრეტულ პრობლემებს, ვუხსნიდით მოსახლეობას, რომ ამ ქვეყანაში არ არის მხოლოდ ორი ძალა („ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“) და არსებობს სხვა პოლიტიკური ძალები. ერთი რამაა აღსანიშნავი: უნგრეთის მაგალითმა დაგვანახა, რომ ხალხს დემოკრატიულად, კონსტიტუციის ფარგლებში, შეუძლია შეცვალოს ხელისუფლება. უნგრელმა ხალხმა დაამარცხა ორბანის რეჟიმი და იგივე იქნება საქართველოშიც. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში იქნება კოალიციური მმართველობა. ჩვენ პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოვაქცევთ ხელისუფლებას! ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განვვითარდეთ რამდენიმე მიმართულებით და საზოგადოებას არჩევანის საშუალება მივცეთ.
– ამბობენ, რომ შესაძლოა, „ნაცმოძრაობამ“ დატოვოს ოპოზიციური ალიანსი. . .
– ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციურ ალიანსში როგორი ცვლილებები მოხდება, ეს არის მათი დღის წესრიგი. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური საქმიანობით ვართ, ძირითადად, დაკავებული,
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა სოფელში მივიდეთ, თითოეულ მოქალაქეს დაველაპარაკოთ, მათი გულისტკივილი მოვისმინოთ. ამ ქვეყნის ხელისუფლებაში არ უნდა იყოს  ერთი ძალა, ჩვენ ვართ ის პარტია, რომელსაც შეუძლია აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონკურენცია. „ძლიერი საქართველო – ლელო“ თავისი მხარდამჭერებით, ახალგაზრდა ლიდერებით, პროგრამით არის ავანგარდში!
– თქვენი პარტია რატომ არ შეუერთდა ოპოზიციურ ალიანსს, რა არის ამის მიზეზი?
– ჩვენ განსხვავებული მიდგომები გვაქვს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით. ვფიქრობთ, რომ ამ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია არჩევნების გზით. ეს არის კონსტიტუციის განსაზღვრული წესი, რომლის დარღვევასაც ჩვენი პოლიტიკური ძალა არც ფიქრობს და არც აპირებს. თუ რეალურად გვინდა ამ ხელისუფლების შეცვლა, უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. დღეს ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც უკვე ღიად ამბობენ, რომ არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. ჩვენი ერთადერთი სამიზნე მმართველი პარტიაა. პროდასავლურ პარტიებთან პოლემიკაში არ შევდივართ.
– მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა რამდენიმე პარტიის გაუქმების მოთხოვნით. რა მოლოდინი გაქვთ?
– მმართველი პარტია ზემოაღნიშნული სარჩელით ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მანიპულირებს. ყოველნაირად ცდილობს, უფრო მეტი გააფუჭოს, რომ წინა გაფუჭებულ საქმეებზე პასუხი არ მოსთხოვონ. იცით, რომ ჩვენ გვყავს სინდისის პატიმრები. მზია ამაღლობელს, რომელიც ციხეშია, ყველამ კარგად იცის, როგორ მოექცნენ. გამოიყვანეს ეს გოგო მწყობრიდან, როგორ შეურაცხყო დგებუაძემ. დღეს კარგად ვხედავთ, სადაც არის დგებუაძე, რომელიც მართლა კეთილსინდისიერი სამართალდამცველი თანამშრომლი რომ ყოფილიყო, დღეს უფრო კარგ თანამდებობაზე იქნებოდა და ხალხის დაფასებაც ექნებოდა, მაგრამ ხალხის დაფასება მიიღო მზია ამაღლობელმა! რატომ? იმიტომ, რომ უსამართლობას შეეჯახა და უსამართლობას გააწნა სილა.
რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, ხელისუფლების სურვილია, აკრძალონ პარტიები, რათა დისკომფორტი არავინ შეუქმნას, სურთ ერთპარტიული მმართველობა, როგორიც იყო კომუნისტურ ეპოქაში, მაგრამ არ გამოუვათ. მმართველ პარტიას მოუწევს არა მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არამედ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაც.
– ამასწინათ თქვენმა პარტიამ მოუწოდა მმართველ გუნდს და ოპოზიციას დიალოგისკენ, მათი პოზიცია როგორი იყო?
– ჩვენ ყველა პლატფორმაში მივიღებთ მონაწილეობას. შევთავაზეთ მმართველ პარტიას მათ პროგანდისტულ ტელევიზიებში დებატებში მონაწილეობა. ჩვენი ლიდერები მზად არიან, დასხდნენ სადებატოდ და ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. მზად ვართ, ვილაპარაკოთ სადაც მათ სურთ და ღიად, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში მოვახდინოთ ამ ხელისუფლების სრული ლუსტრაცია, ანუ ვინ არიან და რას წარმოადგენენ, თუმცა ჩვენი განცხადების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ თავი აარიდა „ლელოს“ ლიდერებთან დებატებს.
– საგარეო საკითხსაც შევეხოთ: როგორ დაახასიათებდით ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობას?
– მე გულწრფელად მივულოცავ სომხეთს და აზერბაიჯანს იმ წარმატებას, რომელსაც საგარეო კუთხით აღწევენ. დღეს სომხეთი ადგას იმ გზას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ათი წლის წინ გადიოდა. ეს ტემპი ჩვენს ქვეყანაში კი არ შემცირდა, არამედ ჩაკლა ამ ხელისუფლებამ. აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველი პარტია დასავლეთში ლეგიტიმურობის აღიარებას ვერ ეღირსა, დავინახეთ, რომ თბილისთან დამეგობრებულმა ქალაქმა საარბრიუკენმა უარი თქვა ჩვენს დედაქალაქთან მეგობრობაზე, ეს ურთიერთობები სამომავლოდ აუცილებლად აღდგება და მომავალი ხელისუფლება საქართველოს პროდასავლურ გზაზე დააყენებს.
– რამდენად რეალურია, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ?
– არ ვისურვებდი, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩეროს, ჩვენი მოქალაქეები დაზარალდებიან. ვფიქრობ, ევროკავშირი არ გაწირავს ჩვენს ქვეყანას იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან მთავრობები იცვლებიან, ხალხი კი რჩება. ერთადერთი რამ არის გასათვალისწინებელი: არცერთ დიქტატორთან თანამშრომლობას არ ისურვებს პროდასავლური სახელმწიფო და ესეც დიდი საფრთხის წინაშე აყენებს ჩვენს საზოგადოებას.
– დაბოლოს, რა გავლენა ექნება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგს ევროპის და, ასევე, საქართველოს მომავალზე?
– უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის. დღეს უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვისაც იბრძვის. ქართველი ხალხი უნდა იყოს მოწადინებული, რომ ამ გმირ ხალხს მორალურად დაუდგეს გვერდით. მე ბედნიერი ვარ, რომ უკრაინაში გვესმის ჩვენი ვაჟკაცების გმირობის ამბები. დასანანია, რომ ძალიან ბევრი დაიღუპა ამ ბრძოლაში, ბევრი ახლაც განაგრძობს ბრძოლას. მე მქონია ამ ადამიანებთან ურთიერთობა, ისინი პატრიოტები არიან, უყვართ თავიანთი სამშობლო. ისინი აუცილებლად ჩამოვლენ საქართველოში და ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში. უკრაინის ბედი, მისი მომავალი დღეს აღელვებს ყველას, ვისთვისაც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი, მშვიდობა და დემოკრატია არსებითია და სასიცოცხლოდ აუცილებელი. უკრაინელებს არ უნდოდათ ომი, მტერი შეუვარდა და იძულებული გახდნენ, თავი დაეცვათ. ყველა ბოროტება მარცხდება და დარწმუნებული იყავით, აუცილებლად დამარცხდება ბოროტება რუსეთის სახით ყველა მის მომხრესთან ერთად!

 ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • მაისი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *