„ჩვენი ისტორია თავისუფლების დაუოკებელი ჟინია“
ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად და საზეიმო განწყობით აღინიშნა. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობას მასპინძლობდა. პატარებისთვის გაიმართა შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტები და ანსამბლები.
საღამოს დასასრულს მსმენელის წინაშე ბენდი „ურსა“ წარდგა.
საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.
„ყველა ქართველს, შინ თუ გარეთ, ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი არის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლო. საქართველოს წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის სლოგანია – „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს“. ეს გზავნილი განსაკუთრებული სიზუსტით ასახავს იმ ფასეულობებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში გააძლიერა ჩვენი ქვეყანა და შეუნარჩუნა ეროვნული ერთობა. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენს ქალაქში ბევრი ადამიანი შეიკრიბა – ოჯახები, ახალგაზრდები, ბავშვები, ქალაქის სტუმრები და ერთად აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. კიდევ ერთხელ გილოცავთ. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, ძლიერ, ერთიან და წარმატებულ საქართველოს, – აღნიშნა მან.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შეაფასა და ყველას მიულოცა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძემ.
– თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. სტაბილურობას, მშვიდობასა და მუდმივ განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს! ჩვენი ისტორია თავისუფლების დაუოკებელი ჟინია – ქართული ფესვების მთავარი მამოძრავებელი ძალა. საუკუნეების განმავლობაში სწორედ ამ გენეტიკურმა შეუგუებლობამ და უწყვეტმა ბრძოლამ შეგვინარჩუნა იდენტობა, სახელმწიფოებრიობა და ღირსება.
თავისუფლება იქ იწყება, სადაც მომავლის წინაშე პასუხისმგებლობაა. დღეს ეს შეგნება რაციონალურ შრომაში, ძლიერ ინსტიტუტებსა და კანონის პატივისცემაში გამოიხატება. მხოლოდ ასე ვაქცევთ წინაპრების იდეალებს რეალურ პროგრესად და მხოლოდ ასე გადავცემთ მომავალ თაობებს ძლიერ, შემდგარ სახელმწიფოს, – აღნიშნა ივანე მაისურაძემ.